გიორგი კაკაურიძე - საშუალო ინფლაცია იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, მოლოდინი გვაქვს, რომ 2,5 პროცენტის ფარგლებში იქნება
ლართან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა დღეს გააკეთა ინტერვენციაც და განცხადებაც, რომ ერთჯერადი ტრანზაქციებია, რომელი ტრანზაქციების დასაბალანსებლადაც გამოიტანა შესაბამისი ვალუტა გასაყიდად, ეროვნულ ბანკს სრულად ვენდობით ამ ოპერაციებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მოთხოვნებისა და იმ ვალდებულებების შესახებ, რაც კომპანიების მხრიდან არის წარმოდგენილი.
„საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი რეზერვი იმისთვის, რომ ასეთი ერთჯერადი ოპერაციები სრულყოფილად დააფინანსოს. კონკრეტული კომპანიებისგან არის დიდი მოთხოვნები, რომელიც დასაკმაყოფილებელია. ამიტომ არის სწორი ინტერვენცია. რაც შეეხება ფასების ზრდას, ჩვენ უკვე ახალი პროგნოზები წარმოვადგინეთ. საშუალო ინფლაცია იქნება უფრო დაბალი, ვიდრე ეს არის მიზნობრივი მაჩვენებელი. მოლოდინი გვაქვს, რომ 2,5 %-ის ფარგლებში იქნება. ვფიქრობ, რომ არა თავად კანონს, არამედ იმ სიტუაციას, რაც შეიქმნა ქვეყანაში მოლოდინებიდან გამომდინარე, ჰქონდა გარკვეული გავლენა. თუმცა ეს გავლენა მოკლევადიანია და ვერ ექნება ფუნდამენტური ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.