გიორგი კაკაურიძე - სახელმწიფოსგან გამოყოფილი დახმარება ადამიანებს მნიშვნელოვნად მიეხმარება კრიზისული პერიოდის გადალახვაში
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილი დახმარება ადამიანებს სრულად დაუკომპენსირებს იმ შემოსავალს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, თუმცა მნიშვნელოვნად მიეხმარებათ იმ კრიზისული პერიოდის გადალახვაში, რომელსაც საგანგებო მდგომარეობა და მისი შემდგომი პერიოდი ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, მოქალაქეების დახმარების ყველაზე დიდი და მსხვილი პაკეტი ორი კომპონენტისგან შედგება.
„ჩვენ მივეხმაროთ კომპანიებს, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას პრინციპში. ყველა ადამიანი, რომლის ხელფასიც არის 1500 ლარამდე, 750 ლარზე არ გადაიხდიან საშემოსავლოს, ეს შეეხება ოღონდ კერძო სექტორს. საბიუჯეტო ორგანიზაციები, ანუ საჯარო უწყებებში დასაქმებულებს ეს არ შეეხებათ, ვინაიდან მათთვის ხელფასი შენარჩუნებულია და არ არიან რისკის ქვეშ, რომ დატოვონ სამსახურები. შესაბამისად, კერძო სექტორისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება, რომ შეინარჩუნონ კადრები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს სრულად კადრების შენარჩუნებას, ჩვენ გვაქვს მეორე მიმართულება აქ. იმ ადამიანებს, ვინც დარჩებიან უმუშევარი, 1200 ლარიანი პაკეტი არის განსაზღვრული, რომელსაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ ეს ადამიანები და ეს მათთვის გარკვეული დახმარება იქნება. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს მათ სრულად დაუკომპენსირებს იმ შემოსავალს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, თუმცა მნიშვნელოვნად მიეხმარებათ იმ კრიზისული პერიოდის გადალახვაში, რომელსაც საგანგებო მდგომარეობა და მისი შემდგომი პერიოდი ჰქვია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ასევე ეხმარება სოციალურ ფენას, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„რაც შეეხება, კიდევ ერთი მიმართულებას, ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად, დაქირავებით დასაქმებულები არ იყვნენ. ესენი იყვნენ თვითდასაქმებულები ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარების პაკეტი. დიდი ნაწილი, რომელიც რაიმე მეთოდით, სადღაც მაინც რეგისტრირებულია, მათ შორის ინდმეწარმეები, მცირე მეწარმეები, მიკრო მეწარმეები, რომელთაც საგადასახადო ორგანოში რაიმე რეგისტრაცია აქვთ გავლილი, მათ იდენტიფიცირებას ჩვენ თვითონ გავაკეთებთ და მაქსიმალურად მარტივად შეეძლებათ, უბრალოდ მათი საბანკო რეკვიზიტები იქნება მოსაწოდებელი ამ პირების მხრიდან და მათზე უკვე შესაბამისი დახმარებები იქნება გასაწევი. კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც არსად რეგისტრირებული არ არის, თუმცა შემოსავალი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში, მათ მოუწევთ გარკვეული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეს არის გარკვეული იურიდიული პირებისგან დადასტურება იმის, რომ მათ ეს შემოსავალი ჰქონდათ. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტიდან რაიმე ნებართვა მათზე, ან საბანკო ამონაწერი, თუ შემოსავალი ერიცხებოდათ საბანკო დაწესებულებაში, ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რაც მოგვცემს მტკიცებულებას, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ შემოსავალი, ვიდრე ეს საგანგებო მდგომარეობა დადგებოდა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.