გიორგი კაკაურიძე - პოლიციელებისთვის ხელფასის გაზრდას ბიუროკრატიულ ხარჯს ვერ დავარქმევ
პოლიციელებს ხელფასი დაახლოებით 250 ლარით ეზრდებათ, რაც აუცილებელია, ვინაიდან რამდენიმე წელია, ძალოვან უწყებებში ანაზღაურება არ გაზრდილა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბიუროკრატიული ხარჯების ზრდაზე ისაუბრეს, თუმცა, როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, პოლიციელებისთვის ხელფასის ზრდა ბიუროკრატიული ხარჯები არ არის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ამ შენიშვნას და მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით. 2017 წელს ფართო მასშტაბის ოპტიმიზაცია განხორციელდა, რამაც შრომის ანაზღაურების ნაწილში დაახლოებით 100 მილიონი ლარის დაზოგვა გამოიწვია. ეს ეხება, როგორც შტატგარეშე, ასევე შტატით დასაქმებულებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს პოლიტიკას, რომელზეც დაფუძნებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამა – მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და რესურსის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მიმართვა.
„რაც შეეხება თანხის მატებას, ძალოვან უწყებებში დაბალი რანგის პოლიციელებზე ხდება ხელფასის დაახლოებით 250 ლარიანი ზრდა, რაც აუცილებელია, რადგან რამდენიმე წელია, ამ უწყებებში არ გაზრდილა ანაზღაურება. შესაბამისად, აღნიშნული თანხები სწორედ ამაზე მიემართება. ნამდვილად არ დავარქმევ ბიუროკრატიულს იმას, რომ პოლიციელები უფრო მაღალ ხელფასს აიღებენ“, – განაცხადა კაკაურიძემ.