გიორგი კაკაურიძე - პირველი ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გასაცემი დახმარება, გაიზარდა ბავშვების მოცვაც, დამატებით 35 ათასამდე ბავშვი მიიღებს ამ სარგებელს
პირველი ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გასაცემი დახმარების მოცულობა, გაიზარდა ბავშვების მოცვაც, დამატებით 35 ათასამდე ბავშვი მიიღებს ამ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით დამატებით 75 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჯანდაცვის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვთა დახმარების ზრდა. Მოგეხსენებათ, პირველი ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე გასაცემი დახმარების მოცულობა და არა მხოლოდ გაორმაგდა, არამედ ბავშვების მოცვაც გაიზარდა.
თუ აქამდე ფინანსდებოდა 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფ ოჯახში ბავშვი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი იზრდება 120 ათას ქულამდე და დამატებით დაახლოებით 35 ათასი ბავშვი ყოველთვიურად მიიღებს ამ სარგებელს. ამ მიმართულებით ხდება დამატებით 75 მილიონი ლარის გამოყოფა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.