გიორგი კაკაურიძე - პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას გადაიხედება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გადამუშავდება.
„მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, „კოვიდ19“-ის პანდემიის გამო ჯერჯერობით, გაურკვევლობა ძალიან ბევრია. თუმცა ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ.
დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს. 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4.9 პროცენტი , თუმცა 2021 წელს უკვე დავუბრუნდებით ხუთ პროცენტიანი ზრდის ნიშნულს.
რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს სამ პროცენტიან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2021 წელს ჩვენ გვექნება 5.1 პროცენტის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, როგორც კაკაურიძემ განაცხადა, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს.
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ჯერჯერობით არ არის ასახული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები.
„პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის არც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი, მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება, რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე.
უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით. ოქტომბერში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც გამოქვეყნდება მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები. სწორედ ამის მიხედვით ჩვენ გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას. რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა – უფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას, თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები.
ასევე, სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ, რა საჭიროებები დადგება, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ბუნებრივია, ყველაფერი ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა, კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვაჩვენებს მსჯელობა, ანალიზი, თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.