გიორგი კაკაურიძე - „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და ეს ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას საგადასახადო რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ასევე მნიშვნელოვანი იყო დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება.
„იყო მოგების გადასახადის რეფორმა, რომელმაც თუ რომელიმე კომპანიას ფულის დეფიციტი ჰქონდა, გამოუსწორა. მეორე თემა არის დამატებული ღირებულების გადასახადის დაბრუნება. გვქონდა სიტუაცია, როდესაც განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესი ვერ ახერხებდა დამატებული ღირებულების გადახდილი გადასახადი, დაებრუნებინა. სწორედ ეს იწვევდა ფინანსურ დეფიციტს ნაღდ ფულთან. ეს პრობლემა მოგვარდა და საერთოდ, პირველი ივლისიდან ავტომატურ რეჟიმში გადადის დღგ-ის დაბრუნება, რაც მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს ფინანსებზე წვდომას კომპანიებს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებით მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის შეღავათი არ იყო მისაღები, ვინაიდან არათანაბარ პირობებში აყენებდა დაახლოებით 50 000 კომპანიას, ანუ 200 კომპანია სარგებლობდა უპირატესობით, რაც არ ჰქონდა 50 000 კომპანიას.
მისი თქმით, დღეს პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზეც იყო საუბარი, თითქოს ყველა კომპანიაზე გავრცელებულიყო შეღავათი, მაგრამ კაკაურიძის განცხადებით, ეს გამორიცხულია.
„თუ ყველას მივცემთ 30 დღიან შეღავათს, მაშინ გამოვა, რომ საგადასახადო სისტემა უნდა მოვშალოთ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რაც შეეხება შეღავათების შენარჩუნებას ხორბლის იმპორტიორებისთვის, კაკაურიძე განმარტავს, რომ ხორბალი განსხვავებული პროდუქტია.
„მარაგები ქვეყანაში აუცილებელია. სახელმწიფოს მოთხოვნაა, ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობდეს და შესაბამისად, ამ ნაწილში იყოს გარკვეული შეღავათი. მარაგზე გადასახადი წინასწარ არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
რაც შეეხება ბიზნესთან კომუნიკაციის მხრივ დასმულ კითხვას, კაკაურიძის შეფასებით, შესაძლოა, ბიზნესთან კომუნიკაცია ადრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია და ეს საქართველოს ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას, ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა. ამასთან, „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.