გიორგი კაკაურიძე - ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს
ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებული ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია.
„ჩვენ იმ ეკონომიკურ პარამეტრებს ვუყურებთ, რომელიც პირველი ოთხი თვის განმავლობაში გვაქვს. რაც შეიძლება, ლარის კურსთან კავშირში იყოს, როგორც ფულის შემოდინება ანუ სავაჭრო ბალანსი ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში გაუმჯობესებულია. შესაბამისად, ლარის კურსის გაუფასურების ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. მე ვერ ვისაუბრებ დეტალურად იმაზე, რა მოლოდინები აქვთ ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებს და რატომ არის გაუფასურება, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მივიღეთ. შემიძლია, იმ ფაქტორებზე გითხრათ, რომელიც ლარის კურსთან კავშირში უნდა იყოს. ესენია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, სავაჭრო ბრუნვა და ტურიზმი. ყველა აღნიშნული ფაქტორი გაუმჯობესებულია. ჯამში, პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ლარის კურსზე მოქმედებს მოლოდინები.
რაც შეეხება გადასახადების შემცირებას, კაკაურიძის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესისთვის გადასახადების წნეხის კუთხით მესამე ადგილზეა.
„არ შეიძლება მესამე ადგილზე მყოფ ქვეყანაში გადასახადების შემცირებაზე ვისაუბროთ. გადასახადების შემცირების შემთხვევაში, ქვეყანაში სახელმწიფო როლის ცვლილებაზე უნდა ვიმსჯელოთ. თუ პირდაპირ კავშირს ვნახავთ გადასახადების შემცირებასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის, დავინახავთ, რომ ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მაღალი საგადასახადო განაკვეთები აქვს, უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობებია, ვიდრე საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკური ზრდისთვის გადასახადების შემცირება პირველი ამოცანა არ არის.