გიორგი კაკაურიძე - ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინის შედეგი
ქვეყანაში თუ გვექნება ტურისტების შემოშვების შესაძლებლობა, შევძლებთ საზღვრის სრულად გახსნას, მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია და აღნიშნა, რომ „ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინის შედეგი“.
„ექსპორტისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი ტენდენციებია. მარტში ზრდა დაფიქსირდა 4 პროცენტით, აპრილში ექსპორტის, დღგ-ისა ბრუნვებისა და გზავნილების წინასწარი მაჩვენებლები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა იქნება კიდევ უფრო მაღალი მარტთან შედარებით, რაც პოზიტიურ მოლოდინს აჩენს. ეს პოზიტიური მოლოდინი აქვს კერძო სექტორს. ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინის შედეგი. შეზღუდვები მოიხსნა, ესეც მოლოდინის ნაწილია და ვფიქრობ, დადებითმა ტენდენციებმა კერძო სექტორს პოზიტიური პარამეტრები აჩვენა და სწორედ ამიტომ მოხდა ლარის გამყარება. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია გვექნება, რომ შევძლებთ და ტურისტებს შემოვუშვებთ, შევძლებთ საზღვრის სრულად გახსნას, რაც ალბათ, ვაქცინაციიდან და ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია გვქონდეს. იმის თქმა, რამდენზე ჩამოვა და რა კურსი იქნება, ამის თქმა შეუძლებელი და არასწორი იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეისთვის, 21 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირს, ევრო – 4.0895 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7378 ლარი.