გიორგი კაკაურიძე - ჩვენი ინიციატივაა, ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იყოს, რომ საფინანსო სექტორი მიმზიდველი გახდეს
ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა არ არის, საფინანსო სექტორი ცუდ მდგომარეობაში ჩადგეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი ინიციატივაა, ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა იყოს, რომ ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი მიმზიდველი გახდეს, სადაც ბიზნესის კეთება, ფულის დაბანდება და ინვესტიციის განხორციელება იქნება შესაძლებელი, მეორე მხრივ კი, მომხმარებელი, მსხვილი და მცირე ბიზნესი, თუ მოსახლეობა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომ სესხი მძიმე ტვირთად დააწვეს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის რისკები დღეს არ იდგეს, მაგრამ თუ ჭარბვალიანობას დღესვე არ მიეხედა, შეიძლება, ეს რისკები რამდენიმე წელიწადში დადგეს.
„შესაძლოა, ეს უფრო მაკროეკონომიკურ რისკებში გადაიზარდოს და არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის პრობლემაში, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის ასევე დიდი პრობლემაა“, – განაცხადა კაკაურიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ ჭარბვალიანობის ეფექტიანი კონტროლისა და სიღარიბის დამარცხებისთვის ინიცირებული საკითხები, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ „ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ ინიცირებულ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.
„ვალაუვალობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან საქართველოს 600 000-ზე მეტი მოქალაქე ე.წ. შავ სიაშია და არ შეუძლია, ეკონომიკურად აქტიური იყოს. „ადვოკატთა ასოციაციას“ გარკვეული ინიციატივა აქვს. თუმცა, ვფიქრობ, ეს პრობლემა გაცილებით უფრო ღრმადაა შესასწავლი, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს. ამ პრობლების მოგვარების ყველაზე კარგი გზა ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შემუშავებაა, რაზეც დღესაც ვიმსჯელეთ. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და ფინანსთა სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი კანონმდებლობა დაარეგულირებს, ფიზიკური პირების გადახდისუუნარობის შემთხვევაში ვინ რა პროცედურები უნდა გაიაროს, მაგრამ ვიდრე ეს კანონმდებლობა მომზადდება და ძალაში შევა, რასაც შესაძლოა, საკმაო დრო დასჭირდეს, პირველ ეტაპზე, მისი მართვა და რეგულირება ეროვნული ბანკის საკრედიტო ბიუროს ვალდებულება ხდება.
„იმისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური პირის ე.წ. შავი სიიდან გამოყვანა, შესაძლებელია, მაქსიმალური ვადაც განისაზღვროს, რაც „ადვოკატთა ასოციაციას“ აქვს ინიცირებული. 10 წლის ვადის განსაზღვრა ერთი მხრივ, კარგია, თუმცა, უფრო მოქნილი მექანიზმები უნდა გვქონდეს, რადგან ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოქალაქეები ეკონომიკური ცხოვრების მიღმა თუნდაც, 10 წელი გვყავდეს დატოვებული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.