გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ვაქცინაში ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ვაქცინაში ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა. ვერ ხერხდებოდა უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა, ვიდრე დღეს მოვახერხეთ, – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქციის „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე გააკეთა.
ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეკითხვა საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დაუსვეს.
„დღეს ვართ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვაქცინაციის პროცესში, რაც მთავარია იმისთვის, რომ ეკონომიკა იყოს აღორძინებული“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ.
პასუხად გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას ვაქცინის შესყიდვაზე ფასის გამო უკან არასოდეს დაუხევია.
„ფინანსთა სამინისტრო ამ ღონისძიებების განხილვაშიც ჩართული იყო და ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები იყო, რომელი ღონისძიებები უნდა დაფინანსებულიყო. ჩართული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ვინაიდან მათი რესურსი წამოვიღეთ ძალიან ბევრი და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფინანსთა სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა ვაქცინაში. ვერ ხერხდებოდა უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა, ვიდრე დღეს მოვახერხეთ. დღეს არის დაახლოებით 3 მილიონ დოზაზე შეთანხმება მიღწეული, რომელიც დაიწყება ალბათ უკვე ამ თვის ბოლოდან და დაახლოებით 3 მილიონ დოზას ველოდებით. ნაწილი ხელშეკრულებაა, ნაწილი შეთანხმებულია და ხელშეკრულება გაფორმების პროცესშია. მივაღწევთ იმ მინიმალურ ზღვარს, რაც გვინდოდა, მიგვეღწია ზრდასრული მოსახლეობის 60%-იანი აცრის მაჩვენებლისთვის. შესაბამისად, დიდად მეოთხე ტალღას არ ველოდებით და ნუ დავძაბავთ ამ მიმართულებით, ნუ შევქმნით უარყოფით მოლოდინებს. მე არა ვარ ეპიდემიოლოგი და ვერ დავიწყებ ექსპერტობას. ვამბობ იმას, რომ ვაქცინის შესყიდვა ფასის გამო უკან არ დახეულა. ბევრ ქვეყანას ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული და იცით, რომ მთავარმა მწარმოებლებმა დაუგვიანეს და გვიან მიაწოდეს გარკვეული ვაქცინები. იცით ეს პრობლემები. ფულის გადახდაზე არ იყო მხოლოდ ვაქცინის შეძენა და შარშანაც ვიძახდი და წელსაც, ნებისმიერ ფასად, ჩვენს მოსახლეობას რა რაოდენობაც სჭირდება, შევიძენდით. თითოეული დღე, რომელიც ვაქცინაციის გარეშე იყო, ეკონომიკისთვის იყო დანაკლისი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.