გიორგი კაკაურიძე - უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა  რისკი, რომ არ ჩაგვერიცხებოდა​
გიორგი კაკაურიძე - უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩაგვერიცხებოდა​

ევროკავშირთან მქონდა კომუნიკაცია და ეკონომიკურ ნაწილში განსახორციელებელი რეფორმები რაც იყო, ყველა განხორციელდა. დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა. ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ რაღაც პრობლემა ამ სესხს შეიძლება ჰქონოდა, უარი ვთქვით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციის ფორმატში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

კაკურიძემ დეპუტატების წინაშე კიდევ ერთხელ განმარტა საქართველოს მიერ ევროკავშირის სესხზე უარის თქმის მიზეზი.

„ევროკავშირის თანხაც იყო ერთ-ერთი ის კომპონენტი, რომელიც მიყვებოდა რეფორმებს. დაახლოებით 10-12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც აქაური ექსპერტები, ვინც იყვნენ ჩართულნი პროცესში, თვლიან, რომ შესრულდა ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობა საჯაროდ აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული და შინაარსობრივად არ შეიცავდა იმ რეფორმას, რომელი რეფორმაც იგულისხმებოდა. თუმცა, რაც ეწერა ის გაკეთებულიაო, ამბობდა მეორე მხარე. ეს სესხი ევროკავშირის, დახმარება არ არის, პირობები კარგი აქვთ, თუმცა სესხია და დასაბრუნებელია. რეფორმები რომ მნიშვნელოვანია, ამაში ცალსახად გეთანხმებით, სწორედ ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების მომავალი ურთიერთობისთვის, ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი ამ რეფორმების განხორციელება. მე ევროკავშირთანაც მქონდა კომუნიკაცია და ეკონომიკურ ნაწილში განსახორციელებელი რეფორმები რაც იყო, მათი ჩართულობით ყველა განხორციელდა. დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა. ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ რაღაც პრობლემა ამ სესხს შეიძლება ჰქონოდა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი?! ვთქვით უარი ისეთზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩაგვერიცხებოდა“, – განაცხადა კაკურიძემ.

როგორც კაკაურიძე აცხადებს, რეფორმებზე დაფუძნებული ხელშეკრულებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ, ყოფილა მანამდეც, რომ გრანტის ნაწილიც ვერ მიგვიღია გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო, იყო წლები როცა გრანტები სრულად ვერ მივიღეთ, რადგან გარკვეული რეფორმები ვერ გატარდა. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გრანტი დავკარგეთ, არამედ იმიტომ რომ ის რეფორმები ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. რეფორმებზე დაფუძნებული ხელშეკრულებები ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მომდევნო წლებში არაერთხელ წარმოვადგენთ რეფორმებზე დაფუძნებულ სასესხო ხელშეკრულებებს, რომლის პირობებიც იქნება თითქმის იგივე, რაც ევროკავშირის ნაწილშია და ევროკავშირთანაც ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ საგრანტო რესურსები თუნდაც მომდევნო წელს რაც არის გათვალისწინებული, გავზარდოთ და რეფორმებზე დაფუძნებით ახალი საგრანტო რესურსები მოზიდვა შევძლოთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.