გიორგი კაკაურიძე - შესაბამისი სტრუქტურები ევროკავშირის ექსპერტებთან დეტალურად იხილავენ, რა ღონისძიებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში
წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა როგორც სესხის ნაწილი, ისე საგრანტო რესურსი ევროკავშირიდან. სამუშაო დონეზე რა განხილვებიც იყო, აქამდე არ იყო დიდი რისკი იმისა, რომ ეს თანხა არ ჩამოსულიყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ევროკავშირის ექსპერტებთან, რომლებმაც უნდა შეაფასონ ღონისძიებები, რაც სასამართლოს სისტემაში განხორციელდა.
„წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა როგორც სესხის ნაწილი, ისე საგრანტო რესურსი ევროკავშირიდან. რაც შეეხება შეფასებას, ნაკლებად ვარ ის ადამიანი, ვინც ევროკავშირის განცადება ან პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა შეაფასოს. სამუშაო დონეზე რა განხილვებიც იყო, აქამდე არ იყო დიდი რისკი იმისა, რომ ეს თანხა არ ჩამოსყლიყო. პარლამენტის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ ასევე ევროკავშირის ექსპერტებთან, სადაც დეტალურად იხილავენ, თუ რა იყო გასაკეთებელი და რა ღონისძიებები გაკეთდა სასამართლო სისტემაში. არ იქნება სასურველი, რომ თანხა არ ჩამოვიდეს, ვინაიდან წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა გაწერილია შემოსავლების ნაწილში. ევროკავშირის ექსპერტები შეაფასებენ, რა ღონისძიებები განხორციელდა, რა იყო ჩადებული იმ ე.წ. მატრიცაში, რომელსაც თანხის ჩარიცხვა მოსდევს. ამის შემდეგ მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
რაც შეეხება ფინანსური ტრანშის ოდენობას, კაკაურიძის თქმით, საუბარია 75 მილიონ ევროზე.
„ჯამურად, სესხის და გრანტის ჩათვლით არის 75 მილიონი ევრო, თუმცა ძირითადი ნაწილი სესხია. ეს თანხა წლიურ ბიუჯეტში დევს, ჩარიცხვის ზუსტი თარიღები განსაზღვრული არ არის. ევროკავშირის გრანტები ძირითადად წლის მეორე ნახევარში ჩამოდის ხოლმე, სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში. ვნახოთ, ჯერ ევროკავშირის ექსპერტებმა უნდა შეაფასონ ის კონკრეტული ღონისძიებები, რაც სასამართლოს სისტემაში განხორციელდა და ამის შემდეგ იქნება ზუსტი შეფასება.
ევროკავშირის სტრუქტურებთან იყო მიმოწერა და სამუშაო შეხვედრა, მათ შორის ექსპერტულ დონეზეც. სასამართლო რეფორმის ნაწილში საკმაოდ მყარად არიან იმ კუთხით, რომ ამ თანხის მიღების შესაძლებლობა არის, ვინაიდან ზუსტად ის ღონისძიებები, რაც გაწერილი იყო სასამართლოს სისტემაში, შესრულებულია. ყველა ის რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, განხორციელებულია და რამდენად არის ეს ზუსტად ასახული, ამას უკვე ევროკავშირის ექსპერტი შეაფასებს“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, კითხვაზე „თანხა თუ არ ჩაირიცხება, რა სფეროებს დააკლდება“, – გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ნაკლებ სესხს აიღებენ და ბიუჯეტის ხარჯების შიდა რესურსებით დაფინანსება მოუწევთ.
„ეს არ იყო კონკრეტული მიზნობრიობით განსაზღვრული თანხა, ეს იყო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი. ძირითადი ნაწილი იყო სესხი. გამოვა, რომ ნაკლებ სესხს ავიღებთ წელს და მოგვიწევს შიდა რესურსებით დაფინანსება იმ ბიუჯეტის ხარჯების, რაც გვაქვს. საკმაოდ არის ბუფერები ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რათა ნაკლები სესხის შემთხვევაშიც ბიუჯეტის ხარჯებს პრობლემა არ შეექმნას. არც ერთ მიმართულებას არ მოაკლდება დაფინანსება. გაცილებით მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან არსებული ვალდებულებები იყოს შესრულებული, ვიდრე ის თანხა, რომელიც შეიძლება, სესხის სახით წელს მიგვეღო. ამ თანხის არმიღება ნაკლები პრობლემა იქნება ბიუჯეტისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია ამ თანხის საგრანტო ნაწილი, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირთან ჩვენ შევასრულოთ ყველა ვალდებულება, რომელიც გაწერილია და სწორად იყოს ეს ვალდებულებები შესრულებული. თუ ზუსტად მახსოვს, 75 მილიონი ევროდან 10 მილიონამდე გრანტია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის ევროკავშირის მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს“.