გიორგი კაკაურიძე - ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2019 წლის მონაცემებში მსოფლიოში მაღალი, მეხუთე პოზიცია შევინარჩუნეთ
ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მეხუთე პოზიცია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის – 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მეხუთე ადგილს იკავებს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტიანად ხარჯვის საშუალებას. გამოქვეყნდა ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება. 2019 წლის მონაცემებში შენარჩუნებული გვაქვს ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი.
აღსანიშნავია, რომ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 14 ქულას შეადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს 28- ქულა, რაც ექვსი ქულით გაუმჯობესებაა. თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის თქმით, „იუესაიდის“ (USAID) დახმარებით უკვე შეიქმნა ახალი პლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხილვების პროცესში.