გიორგი კაკაურიძე - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები სესხის გაცემას ჩვეულებრივად შეძლებენ, მაგრამ იქნება წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
გიორგი კაკაურიძე - ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები სესხის გაცემას ჩვეულებრივად შეძლებენ, მაგრამ იქნება წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემი სუბიექტები სესხის გაცემას ჩვეულებრივად შეძლებენ, მაგრამ იქნება წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, 50%, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს 50%-იანი ზღვარი არის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ფარგლებშიც საფინანსო სექტორში ინვესტიციები ნამდვილად მისაღებია და სექტორის განვითარებას ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება მომხმარებლებს, გარკვეულ ზღვარს ქვევით, მათ შემოსავლების დამტკიცება არ მოეთხოვებათ, მაგრამ თუ ამ ზღვარს ზევით მსესხებელს გადახდის საშუალება არ აქვს, სესხის აღება შეფერხებული უნდა იყოს, რადგან ეს სისტემა რომ არ არსებობდა, მივედით იმ მდგომარეობამდე, როცა 600 000-ზე მეტი მოქალაქე ეკონომიკიდან გვყავს გამოთიშული“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამ განცხადებით გიორგი კაკაურიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ხომ არ დაზარალდება ინიციატივებით ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი და ამავდროულად, უკმაყოფილო ხომ არ დარჩება მომხმარებელი, რომელიც სესხს ვეღარ აიღებს.

მისი თქმით, ახალი ინიციატივით დამტკიცდა და პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა 1%-იანი საგადასახადო რეჟიმი, რაც 500 000 ლარიანი ბრუნვის მქონე ბიზნესს, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას აძლევს, შემოსავლის 1% გადაიხადოს და ბანკს შემოსავლები დაუდასტუროს, რაც მას კრედიტის აღების საშუალებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

„500 000 ლარიანი ბრუნვის მქონე ბიზნესს, თუ ფიზიკურ პირს შეუძლია, ბრუნვა აჩვენოს, რასაც შესაძლოა, მალავდა, რადგან 5%-იანი გადასახადი მაღალი ეჩვენებოდა. ამ ყველაფრით მივიღებთ დაბალანსებულ სისტემას, რაც საფინანსო სექტორს შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს, მომხმარებელს კი, სახლიდან გამოსახლება და 200, თუ 500-ლარიანი სესხისთვის სატრანსპორტო საშუალების დაკარგვა აღარ მოუწევს, რაც ხშირად ხდებოდა“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როდის აისახება ახალი ინიციატივები მოქალაქეებზე და როდის იგრძნობს მოსახლეობა პირველად ხელშესახებ ეფექტს, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს რეფორმა, რომელიც მყისიერ ეფექტს გამოიწვევს, მაგრამ გატარებული რეფორმების შედეგად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილი 4,5%-ის ნაცვლად, მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 6%-ზე მაღალია, ბოლო თვეში კი, 7,5%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა, ახლა მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ეს ეკონომიკური ეფექტი თითოეულ მოქალაქემდე დავიდეს.