გიორგი კაკაურიძე - არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ეს ვერც მომავალში მოხდება, ყველა პროდუქტი განსაკუთრებულ რეჟიმში მოწმდება
წელიწადზე მეტის განმავლობაში არცერთი ფაქტი არ გვაქვს იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და ეს ვერც მომავალში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად აქვთ ურთიერთობა ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, რომლებიც სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფენ.
„აქტიურად ვმუშაობთ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან, რომლებიც სანქციების აღსრულებას უზრუნველყოფენ. მათთან ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ურთიერთობა და ყველაზე კარგად იციან, რა მოცულობის სამუშაო იყო შესრულებული საბაჟო სამსახურების მიერ, რა მოცულობის ტვირთები იყო უკან გაბრუნებული. წელიწადზე მეტის განმავლობაში ჩვენ არცერთი ფაქტი არ გვაქვს იმისა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციებისთვის თავის ასარიდებლად და ეს ვერც მომავალში მოხდება. ამისთვის ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. თანამშრომლობის ნაწილი იქნება ობრაიენის ვიზიტი საქართველოში და უფრო გამყარდება თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, არა მხოლოდ იმ დეპარტამენტთან, რომელსაც ობრაიენი ხელმძღვანელობს. არცერთ ორმაგი დანიშნულების პროდუქტზე ნებართვა არ გაცემულა და არ გასულა რუსეთის ტერიტორიაზე. ობრაიენი ხედავს რისკებს, რომელიც არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს რუსეთთან საზღვარი. ამიტომ ჩვენ კიდევ მეტად ვართ გადართული საბაჟო პროცედურებზე და განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც რუსეთის მიმართულებით გადის. მაქსიმალურ კონსტროლს ვახორციელებთ, რათა არც ქართული კომპანიების და არც ტრანზიტული კომპანიების მიერ სანქციებზე გვერდის ავლა არ მოხდეს. ყველა პროდუქტი, რომელიც სანქციების ქვეშაა, განსაკუთრებულ რეჟიმში მოწმდება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ასევე, კაკაურიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამორიცხულია, სანქციების მე-11 პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს, საქართველოს შეეხოს.
„საქართველო სრულყოფილად ასრულებს ათი პაკეტით დაწესებულ სანქციებს და გამორიცხულია, აქ მოხვდეს, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს ეს“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.