გიორგი კაკაურიძე - ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციების ნაწილი კანონში უკვე ასახულია
გიორგი კაკაურიძე - ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციების ნაწილი კანონში უკვე ასახულია

ადვოკატთა ასოციაციის რეკომენდაციებს გავეცანი და მათი ნაწილი კანონში უკვე ასახულია, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთების საკითხი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ სასესხო-საკრედიტო საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ წინადადებებზე განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატები არიან პირები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ჭარბვალიანობისგან მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებს.

ჭარბვალიანობა შექმნა იმ სისტემამ, რომელიც საფინანსო სექტორში არსებობდა. ჩვენი ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომლითაც ერთი მხრივ, საფინანსო სექტორი ეკონომიკური განვითარებისთვის ისევ მიმზიდველი და აღნიშნული სექტორში მუშაობა ბიზნესისთვის კარგი საქმიანობა იქნება, ამავდროულად, ჩამოყალიბდება პირობები, სადაც მსესხებლებს არ ექნებათ კაბალური პირობები, რომლებიც აქამდე არსებობდა. მოქალაქეები შეძლებენ სესხებით, როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამომხმარებლო საჭიროებების დაფინანსებას“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი შეფასებით, ახალი კანონმდებლობით, საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ იქნება.

„ღრმად ვართ დარწმუნებული, ეროვნული ბანკი შეძლებს რეგულაციების დაწესებას, რომელიც შემდგომში ჭარბვალიანობის პრობლემას გამორიცხავს. ეკონომიკურ აქტივობაზე ნეგატიურ გავლენას არ ველოდებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბოლო თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.5 პროცენტია და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით უკუეფექტი მოსალოდნელი არ არის.

„რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიებს, გავეცანი მათ განცხადებებს და აღნიშნულია, რომ 10-12 პროცენტით არის შემცირებული განვადებები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვები არ არის შემცირებული. ვუყურებთ იმპორტის მაჩვენებლებსაც და იმპორტი არ შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ამ რეგულაციებმა გაყიდვებზე უარყოფითი გავლენა ნამდვილად არ იქონია“, – განაცხდა კაკაურიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციები ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელი ვალდებული იქნება, მათ დაემორჩილოს.

კაკაურიძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ რეგულაციების ნაწილი, რომელიც პროცენტების და ჯარიმების საკითხს შეეხება, პირველი სექტემბრიდან ამოქმედება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, დღეს ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე ასოციაციამ სასესხო-საკრედიტო საკითხებზე სამართლებრივი მექანიზმების დახვეწის მიზნით, წინადადებები წარადგინა. ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას ჭარბვალიანობის წინააღმდეგ უფრო რადიკალური და თამამი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.