გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის აქტიურობა თუ არ გაიზრდება, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ზიანის მომტანი იქნება
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა რიგ ფაქტორებთან ერთად, დიდწილად დაკავშირებულია პანდემიასთან.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა აუცილებელი, რომ მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის იაქტიურონ და ქვეყანამ ეკონომიკის თვალსაზრისით დიდი ზარალი არ მიიღოს.
„ძალიან რთულია, როცა ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ვაქცინაცია მაღალი ტემპით თუ არ ჩატარდება, ჩვენ მივიღებთ უფრო ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას. ნაცვლად 7,7 პროცენტისა, მივიღებთ დაახლოებით 5,5-პროცენტიან ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით, დაახლოებით მილიარდ-ნახევრიანი ზარალის მომტანია. ერთობლივად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა მაქსიმალურად მეტი ადამიანის მოცვა შევძლოთ, თუმცა თუ კითხვა არსებობს – შესაძლებელია, თუ არა დღეს სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია, – ამაზე პასუხი არ მაქვს. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება და არც ერთ ქვეყანაში სავალდებულო არ არის.
ადამიანებისთვის უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიწოდებული, რათა მეტი პირი ჩაერთოს ამ პროცესში. საკმაოდ დიდი იქნება ზარალი – მილიარდ-ნახევარი, შესაძლოა მეტიც, თუ ვაქცინაციის პროცესი დარჩა სამ პროცენტზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, არ დარჩება სამ პროცენტზე და სულ მცირე ნახევარი მიზანი მაინც მალევე, 2-3 თვის პერიოდში იქნება მიღწეული“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.