გიორგი კაკაურიძე - 2022-2025 წლების სტრატეგიაში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ საგარეო ვალი მაქსიმალურად გადავიტანოთ შიდა ვალზე და შევამციროთ რისკები, რაც საგარეო ვალს მოჰყვება ხოლმე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ მთავარი რისკი, რომელიც საქართველოს ვალის ზრდასთან მიმართებით აქვს, არის კურსთა შორის სხვაობა, რადგან ქვეყანას აქვს საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაში.
როგორც გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს განიხილავენ, მომავალი წლების სტრატეგიაში საგარეო ვალის საშინაო ვალში გადატანაზე გაკეთდება აქცენტი.
„ჩვენი ვალის მთავარი რისკი არის ის, რომ უცხოურ ვალუტაში გვაქვს და საგარეო ვალი გვაქვს. ჩვენ რომ გვქონდეს 60 პროცენტი და ეს იყოს სრულად შიდა ვალი, საერთოდ არ იქნებოდა რისკის მატარებელი. ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილია მათ შორის ვალის მდგრადობის ანალიზის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკფაქტორი, რა შემთხვევაშიც შეიძლება, სწრაფად გაგვეზარდოს ვალი, არის სწორედ კურსი. ყველა სხვა რისკი, რომელიც ვალთან მიმართებით არსებობს – საპროცენტო განაკვეთების შოკი და ა.შ, არც ერთი რისკი ასეთ ეფექტს არ იძლევა ვალის მოცულობაზე და პარამეტრებზე, როგორც კურსთა შორის სხვაობა. ამიტომ, ეს რისკი უნდა ვმართოთ. ჩვენ სტრატეგია გვქონდა, რაც შიდა ვალზე გადასვლას გულისხმობდა, თუმცა პანდემიამ საკმაოდ შეგვიშალა ხელი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანაში. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ სტრატეგიის განახლებულ ვერსიას, რომელიც უკვე 2022-2025 წლებზე იქნება სავარაუდოდ გათვლილი და აქაც მთავარ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ჩვენი ვალი მაქსიმალურად გადავიტანოთ შიდა ვალზე და ის რისკები, რაც ზოგადად საგარეო ვალს მოჰყვება ხოლმე არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს რისკები მაქსიმალურად შევამციროთ მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.