გიორგი კაკაურიძე - 2018 წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
2018 წელი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის ბიუჯეტის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
საპარლამენტო კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხის განხილვა დღეს დაიწყო.
როგორც კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,7 პროცენტი იყო, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი.
„საბოლოო ჯამში, პარამეტრები იყო უფრო მაღალი ვიდრე თავდაპირველად დაიგეგმა, რამაც ბიუჯეტში დამატებით საგადასახადო შემოსავლები მოგვცა. წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების გეგმა 240 მილიონი ლარით გაიზარდა და ეს გეგმაც გადაჭარბებით შესრულდა. ასევე, საკმაოდ მაღალი იყო ხარჯვითი ნაწილის შესრულება, რამაც 100,8 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2018 წელს დაგეგმილი ყველა ღონისძიება შესრულდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, სადაც გარკვეული ჩამორჩენა იყო.
„წლის ბოლოს მათი აქსელერაცია მოხდა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფიზიკურ სამუშაოებში გადასვლა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. როდესაც საუბარი გვაქვს ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. როგორიცაა რიკოთის მონაკვეთი და ყაზბეგის მიმართულებით კობი-ქვეშეთის ახალი გვირაბის მშენებლობა, ასეთ მსხვილ ობიექტებზე, როდესაც პროექტირებას წლები სჭირდება და შემდეგ პროექტირების შესაბამისად ხდება ტენდერის გამოცხადება, გარკვეული ვადის გაგრძელება ყოველთვის შეიძლება მოხდეს. მთავარია ვიზრუნოთ, რომ პროექტები ხარისხიანად შესრულდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ამასთან, მისი თქმით, გასული წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალმა ტემპმა დადებითი ტენდენცია შექმნა.
„თუმცა, საგარეო მოთხოვნა მესამე კვარტლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა. საბოლოო ჯამში, იმაზე უფრო მაღალი ზრდაა ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ასევე, ინფლაციის თარგეთირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ჩვენ დაახლოებით 2,9 პროცენტი გვაქვს და მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ვართ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.