გიორგი გვიმრაძე - თავად გიგა ბოკერიას პერიფრაზს გამოვიყენებ, რომ პოლიტიკური სიველურეა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვინმეს დაბლოკვაში დაადანაშაულო, მაუწყებელს არ აქვს შავი სია, იმ პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ეს ადამიანია ნაჩვევი
თავად გიგა ბოკერიას პერიფრაზს გამოვიყენებ, რომ პოლიტიკური სიველურეა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვინმეს დაბლოკვაში დაადანაშაულო, მაუწყებელს არ აქვს შავი სია, იმ პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ეს ადამიანია ნაჩვევი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა მაუწყებელზე მორიგი თავდასხმის შეფასებისას.
„გულწრფელად ვწუხვარ, რომ პოლიტიკოსები იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს იმყოფება ქვეყანა, ცდილობენ დამოუკიდებელ მედიაზე ამ ფორმით ზემოქმედებას და ზეგავლენას; მით უმეტეს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც მართლაც დამოუკიდებელია. პირდაპირ ვიტყვი, „ევროპულ საქართველოში“ ცრუობენ, როდესაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არსებობს კრიტიკა მაუწყებლის მიმართ. ასევე, სამწუხაროა, როდესაც გიგა ბოკერია ამ ფორმით ურთიერთობს ჟურნალისტთან, როდესაც მოუწოდებს და ცდილობს, რომ გააჩუმოს ჟურნალისტი. ესეც სამწუხარო ფაქტია პოლიტიკოსის, თანაც, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსის მხრიდან. ეს პოლიტიკური სიველურეა, როგორც თვითონ უწოდა ამას ყველაფერს, სხვა სიტყვა არ შემიძლია, გამოვიყენო, გარდა იმისა, რომ მისივე სიტყვების პერიფრაზი მოვახდინო. მართლაც, პოლიტიკური სიველურეა, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ადანაშაულებ, რომ ვინმეს ბლოკავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი არავის არ ბლოკავს, მაუწყებელს არ გააჩნია შავი სია, იმ პრაქტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ეს ადამიანია ნაჩვევი.
ცხადია, ამ ინციდენტის შემდეგაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გააგრძელებს მათი კომენატრებისა და ინტერვიუების მოსმენას, თუ მათ ექნებათ ამის სურვილი. ვიცით, რომ ის ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც ცილი დაგვწამეს, თითქოს არ ჩავწერეთ, თვითონ აცხადებდა უარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიეცა კომენტარი და ინტერვიუზე დათანხმებულიყო.
„ევროპულ საქართველოს“ ისიც კი ახასიათებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა უარი განაცხადოს დებატებში მონაწილეობაზე. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. გადმობრალება იმის, რასაც შენ თვითონ აკეთებ, მართლაც პოლიტიკური სიველურეა. ეტყობა, ამ პარტიას სერიოზულად დააკლდა ელექტორატის მხარდაჭერა. გასულმა არჩევნებმაც აჩვენა, თუ რამდენად შემცირდა მათი ელექტორალური მხარდაჭერა და ასეთი ექსცესები, ექსცენტრიული ქცევა, მედიასთან ასეთი დაპირისპირება, ეტყობა, მათთვის არის საშუალება, რომ ჩანდნენ ტელევიზორში და იყვნენ თემის ამწევები. მე სხვა მოტივაციას ვერ ვხედავ. ცხადია, აქვეა მცდელობა, რომ ამ ბრიფინგებით თუ ზეწოლით მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე ზეგავლენა მოახდინონ“, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.
ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებები საქართველოს პირველ არხს „ევროპული საქართველოსგან“ – დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხი მისი პარტიის წარმომადგენლებისადმი „ხისტ მიდგომებში“ დაადანაშაულა.