გიორგი გვიმრაძე - საზოგადოებას სჭირდება მიუკერძოებელი, ხარისხიანი ინფორმაცია, რათა გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში, ჩვენ ამას ვაკეთებდით და ამის ლოკომოტივი იყო ვასილ მაღლაფერიძე
ბოლო სამ წელიწადში საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, როგორც შემეცნებით-გასართობი, ასევე ახალი ამბებისა და პოლიტიკური გადაცემების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, არხზე დაგეგმილია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც სექტემბრიდან ნახავს მაყურებელი.
„შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცხოვრებაში 2004 წლიდან, რაც ის საზოგადოებრივი მაუწყებელია, ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ორგანიზაცია ჩამოყალიბებულიყო, მართლაც, საზოგადოებრივ მაუწყებლად, გამხდარიყო წამყვანი მედია, როგორც მედიაპროდუქტის შეთავაზების თვალსაზრისით, ასევე ხარისხიდან გამომდინარე. ვგულისხმობ მიუკერძოებლობასა და ხარისხს, რომელიც სჭირდება საზოგადოებას, რათა გაიგოს, რა ხდება მის თავს, სამყაროში, ქვეყანაში, იყოს ინფორმირებული და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებდეს გადაწყვეტილებას. ჩვენ ამას ვაკეთებდით ამ ხნის განმავლობაში და ამის ლოკომოტივი იყო ვასილ მაღლაფერიძე. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც გაგრძელდება. ორგანიზაციის შიგნითაც მოიძებნება რესურსი, რომ ჩვენ თავად შევთავაზოთ საზოგადოებას ამ პროცესის გაგრძელება, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია, ვინ იქნება არხის ახალი გენერალური დირექტორი, როგორ განაგრძობს საქმიანობას, შეძლებს თუ არა დაწყებული საქმის გაგრძელებას და ბოლომდე მიყვანას“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.