გიორგი გვიმრაძე - საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა, სასამართლო სხდომიდან მაუწყებლებისთვის ჩანაწერის მიწოდება და არა პირდაპირ ეთერში სიგნალის უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამ შემთხვევაში საქართველოს პირველი არხი, მუშაობდა კანონის სრული დაცვით. მისი მოვალეობაა, ყველა მაუწყებელს მიაწოდოს ჩანაწერი სასამართლოს სხდომიდან და არა პირდაპირ ეთერში უზრუნველყოს სიგნალის მიწოდება,- ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კანონი მკვეთრად განსაზღვრავს, რომ ღია სხდომების შემთხვევაში საქართველოს პირველმა არხმა მხოლოდ ჩანაწერი უნდა მისცეს სხვა მედიასაშუალებებს. ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად ვაძლევდით მათ ამ ჩანაწერს. იმისთვის, რომ მცირე დაგვიანებაც არ ყოფილიყო, უზრუნველვყოფდით ყველა მაუწყებლისთვის ამ ჩანაწერის ძალიან მყისიერად მიწოდებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ეს არის გაგრძელება საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ სოციალურ მედიასა და საჯარო სივრცეში წამოწყებული კამპანიისა, მოწოდებისა იმ დაძაბულ რეალობაში, იმ დემონსტრანტების თუ პრეტენზიის გამომთქმელი ადამიანების მიმართ, რომ მოვიდნენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მოაწყონ აქციები.
მინდა, გავაფრთხილო ეს ადამიანები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საკონსტიტუციო ინსტიტუცია. მის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებენ ადამიანებს და შესაბამისად, ეს არის რთული შედეგების მომტანი. მინდა, ეს პასუხისმგებლობა კარგად გაითვალისწინონ მათ, ვინც მსგავს მოწოდებებს ავითარებს, ამ დაძაბულ რეალობაში ცდილობენ, საზოგადოებას ისეთი გზავნილები მიაწოდონ, რომლითაც შეეცდებიან, ზემოქმედება იქონიონ ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, რაც კონსტიტუციით არის დაცული. ეს რთულად დამთავრდება“,- განაცხადა გვიმრაძემ.
ამავე საკითხზე საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა.