გიორგი გვიმრაძე - მედიას აქვს თავისი როლი, მაგრამ, რაღაც თვალსაზრისით, მან გარკვეული შესაძლებლობები დაკარგა
მედიას აქვს თავისი როლი, მაგრამ, რაღაც თვალსაზრისით, მან გარკვეული შესაძლებლობები დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„მედიას ისეთი ტვირთი არ უნდა ავკიდოთ, რომლის ზიდვაც მას არ შეუძლია. ვგულისხმობ იმ სერიოზულ გამოწვევათა დაძლევას, რომლის წინაშეც საზოგადოებები, სახელმწიფოები დგანან და რასაც დღეს თუნდაც, დემოკრატიის კრიზისს უწოდებენ. მედიას აქვს თავისი როლი, მაგრამ, რაღაც თვალსაზრისით, მან გარკვეული შესაძლებლობები დაკარგა, მთლიანობაში. ამ შემთხვევაში მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ვლაპარაკობ. საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი კიდევ ბევრი გამოწვევა აქვს. იმიტომ, რომ უამრავ ევროპულ ქვეყანაში დღეს განიხილავენ იმას, უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, უნდა დააფინანსონ თუ არ უნდა დააფინანსონ და ა.შ.“ – განაცხადა გვიმრაძემ.
ამ განცხადებით გიორგი გვიმრაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა არსებულ ვითარებაში მედიას განსაკუთრებული როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში და იმ პირობებში, როცა არსებობს წესები, რომლებზეც მსოფლიო მასშტაბით პასუხისმგებლიანი მედია თანხმდება, ქცევის და ეთიკის რა ნორმები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა.
მისი თქმით, კომერციულ სივრცეში მედიის საკუთრების გამო მედია არის საკმაოდ პოლიტიზებულიც და პოლარიზებულიც.
„პოლიტიკური ინტერესი, რომელიც კერძო მაუწყებლების უკან ხშირად დგას ხოლმე, რა თქმა უნდა, იმ მედია საშუალებას ხდის, როგორც ინსტრუმენტს ამ პოლიტიკური ჯგუფების ხელში. შესაბამისად, მედია კი არ აშავებს ამ ყველაფერს? მედია არის გამტარი იმ პროცესების და იმ პოლიტიკურ ჯგუფთა დღის წესრიგების, რომელიც დამკვეთს აქვს. ასე ვთქვათ, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ასე რომ, მედია თავისთავად რთულ მდგომარეობაშია და ის ყოველთვის ასე იყო. რომ გავიხსენოთ მე-19 საუკუნის თუ მე-20 საუკუნის დასაწყისის მედია, ის ყოველთვის იყო პოლარიზებული. ყოველთვის იყო გაზეთი, რომელსაც სოციალ-დემოკრატები გამოსცემდნენ და შიგნით წერდნენ მემარცხენე იდეებს; ასევე ყოველთვის იყო უფრო მეტად ლიბერალური გაზეთი, უფრო მეტად კონსერვატიული გაზეთი და ისინი იქ წერდნენ თავიანთ იდეებს“, – განაცხადა გვიმრაძემ.
გვიმრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა არის ვითარება, როდესაც იდეების დაპირისპირების საკითხი მოირღვა და პოლიტიკური ჯგუფები იდეებისგან და პოლიტიკისგან დაცლილი დღის წესრიგის წინაშე დადგნენ.
„ამან მოარღვია ის, რომ მედიასაშუალებები აღარ ლაპარაკობენ იმაზე, რაც მოქალაქეებს რეალურად შეიძლება სჭირდებოდეთ; აღარ ლაპარაკობენ პენსიებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ, რაზეც, წესით, პოლიტიკოსები უნდა ლაპარაკობდნენ და რითიც უნდა ხიბლავდნენ საკუთარ ამომრჩეველს, მე რომ მოვალ, უკეთესი განათლება გექნება, უკეთესი დასაქმება, ჯანდაცვა და რაღაცებიო“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ ესახება დებატების ჩატარების პერსპექტივა არსებულ ვითარებაში, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ დებატების ჩატარება რთულად ესახება, რადგან ეს არ არის პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგი.
„ყველა კვლევა, ვისი ჩატარებულიც არ უნდა იყოს, ამბობს, რომ ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, ჯანდაცვის საკითხი, განათლების საკითხი და სადღაც მეათე-მეთერთმეტე თუ მეთხუთმეტე ადგილას არის დემოკრატიის საკითხი, სასამართლოს თუ ასე შემდეგ. ანუ, ის საკითხები, რომლებიც ადამიანებს ყველაზე ნაკლებად აღელვებთ, ზევით არის ამოწეული, ის საკითხები კი, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებთ, სადღაც ბოლოშია ჩატანილი. ბოლოში ჩატანილი კი არა, შეიძლება, საერთოდ არ შეეხონ ხოლმე პოლიტიკოსები“, – განაცხადა გვიმრაძემ.
ამასთან, გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, რომ ტრადიციული მედია, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელია, უამრავი გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს და ის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან მალე ექნება, არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნოლოგიების ნაწილში, თუ არა უმთავრესი, რომელმაც მაუწყებელს საშუალება უნდა მისცეს, გამოწვევებს გაუმკლავდეს.