გიორგი გვიმრაძე - ის, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სახიფათო პროცესია
გიორგი გვიმრაძე - ის, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სახიფათო პროცესია

ის, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სახიფათო პროცესია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ იმას, რაც გუშინ მოხდა, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ხელისუფლების მხრიდან იმ ძალიან სერიოზული შეცდომის შედეგი, როდესაც ის საკუთარ ოპონენტებს აჰყვა პარადიგმის დამკვიდრებაში, რომ ერთმანეთისთვის იმის ძახება და დაბრალება შეუძლიათ, ვინ არის რუსეთის აგენტი, ვინ ასრულებს რუსეთის საქმეს და ა.შ. როდესაც შენი ოპონენტი ამას იყენებს და შენ იგივეს აბრუნებ, ეს უკვე ამ პარადიგმის ლეგიტიმაციაა და შესაბამისად, როცა ამის ლეგიტიმაციას ასრულებ, აუცილებლად მიდიხარ იქამდე, რაც გუშინ მოხდა. მეტიც, უფრო შორსაც შეიძლება, წავიდეთ და საბოლოო ჯამში, მართლაც შეიძლება, მივიღოთ მაგალითად, ასეთი კანონი, რომელიც საზღვარზე შემოსულ რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს სთხოვს, ოკუპაციასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და ა.შ. უფრო შორსაც შეიძლება, წავიდეთ – ეთნიკური რუსების მიმართ სხვანაირ დამოკიდებულებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სახიფათო პროცესია და უპირველეს ყოვლისა, ეს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს. საზოგადოება, ჩვენ, ყველა, როგორც შეგვიყვანა ამ პარადიგმაში, ისე უნდა გამოგვიყვანოს და ეს საკითხი უნდა დასრულდეს, ანუ, გამყიდველების ძიება“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა და ამ ყველაფერს გააზრება სჭირდება.

„აქ მეორე საკითხიც არის, რომელსაც მინდა, ხაზი გავუსვა. არის ასეთი არაჩვეულებრივი როკ-ოპერა, „იესო ქრისტეს სუპერვარსკვლავი“. ეს ერთ-ერთი და შეიძლება, ერთადერთი ვერსიაა ქრისტეზე გადაღებული ფილმებიდან, თუ ქრისტეს სახიდან ლიტერატურაში და მხატვრულ სივრცეში, სადაც იუდას ის ფორმაა წარმოჩენილი, რაც აპოკრიფულად არის დადგენილი, რომ იუდა არის პატრიოტი და ის ქრისტეს სთხოვს, ოკუპაციისგან გაათავისუფლოს. აი, ამაში შეიძლება, შევტოპოთ, როდესაც საზოგადოება მთლიანად აღმოჩნდება იუდას მდგომარეობაში, რომელსაც შეუძლია, ოკუპაციის გამო რაღაცები დაივიწყოს და რაღაცებზე უარი თქვას, რაც უფრო მაღალი ღირებულების არის და ჭეშმარიტებასთან მიახლოებულია. აი, ასეთი რაღაცები შეიძლება, დაავიწყოს საზოგადოებას იმან, რაც ვთქვი და ეს საკმაოდ სახიფათო საკითხია. აი, ამ პასუხისმგებლობის გააზრებაა ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გვიმრაძემ.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, ბუნებრივია, ოკუპაციას ვერ დავივიწყებთ, მაგრამ არ შეიძლება, საზოგადოება იმ პარადიგმაში ცხოვრობდეს, რაც არის.

„თავის დროზე, ებრაელებიც ვერ დაივიწყებდნენ ოკუპაციას. იმიტომ, რომ იქ იდგნენ რომაელები და ყოველდღიურობაში ჰქონდათ შეხება. ეს მათი ცხოვრება იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ ქრისტე არ მიიღეს იმიტომ, რომ ის არ ებრძოდა ოკუპაციას. ეს არის მთელი პარადიგმა. მათ შორის, იმ ნახსენები როკ-ოპერის, რომელზეც ვისაუბრე“, – განაცხადა გვიმრაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის საზოგადოება შეთანხმებული, რა შემთვევაში და რა ფორმით არის ესა თუ ის სტუმარი, ან ტურისტი მიუღებელი და მისაღები ქვეყნისთვის იმის პარალელურად, რომ ცხადია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი მკაფიოა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების სახელით საუბარი რთული თემაა.

„ჩვენ ვხედავთ, ვინ აქტიურობს საჯარო სივრცეში, მაგრამ არ ვიცით, რა ხდება საჯარო სივრცის უკან. საჯარო სივრცის უკან ადამიანები როგორ ფიქრობენ და რას აკეთებენ, ეს საერთოდ არ ვიცით. არააქტიური მოქალაქეების პოზიცია საერთოდ არ ჩანს, არც ერთ და არც მეორე მხარეს. ისინი სადღაც არიან, რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ და თავიანთი პრობლემები აწუხებთ, რომლებზეც არავინ საუბრობს. დღევანდელი საჯარო სივრცე სხვა საკითხებით არის დაკავებული და საჯარო ცხოვრება მათგან აბსტრაგირებულად მიდის“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.