გიორგი გვიმრაძე - ის ქართული მედია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესს ეძებს, ეძებს ჯორჯ ფლოიდს საქართველოში
გიორგი გვიმრაძე - ის ქართული მედია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესს ეძებს, ეძებს ჯორჯ ფლოიდს საქართველოში

ის ქართული მედია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესს ეძებს, ეძებს ჯორჯ ფლოიდს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ანუ, მას სურს, იპოვოს ადამიანი, რომელიც აღშფოთების საგანი იქნება. ამ ძიების პროცესია ერთი ტრაგედიიდან მეორე ტრაგედიაზე გადახტომა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, აღმოვაჩინოთ ჯორჯ ფლოიდი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ანარქიას გამოიწვევს. შესაძლოა, ამან ის გამარჯვება მოუტანოს პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც პოლიტიკური ჭიდილის საშუალებით ვერ მოდის. ეს ფორმა საბოლოო ჯამში, მიდის იქითკენ, რომ ტრაგედიები გამოვიყენოთ და ადამიანები ყოველგვარი რაციონალობისგან დავიცალოთ, მივიდეთ ემოციურ აფეთქებამდე და საბოლოოდ – ანარქიამდე“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში საფრთხის წინაშეა საზოგადოება, დემოკრატია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალია, ამაზე ილაპარაკოს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმისთვის იქმნება, რომ დემოკრატიას საფრთხე არ შეექმნას. 

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ დღეს ამ ქვეყანაში დემოკრატია საფრთხეშია, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტის საშუალებებად გამოყენებულია ტრაგედიები და ადამიანთა ემოციები. მედია ცდილობს, ძალაუფლება მოიპოვოს იმით, რითაც ძალაუფლების მოპოვება არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანების სიკვდილით ძალაუფლება მოიპოვო“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისი თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ასეთ ვითარებაში დუმან ის ე.წ მედიაექსპერტები, რომლებიც მედიაში თითქოს, რაღაც ნორმებს ადგენენ.

„ეს დუმილი საბოლოო ჯამში, გვაფიქრებინებს, რომ ამ მედიაექსპერტების მხრიდან ეს სტანდარტი მიჩნეულია, როგორც ნორმალური მდგომარეობა – ასე უნდა ხდებოდეს, ჟურნალისტი ასე უნდა აშუქებდეს, აბა, რა?! ეს, რასაც დღეს ვუყურებთ, გახდა დასაშვები და მოწონებული იმ მედიაექსპერტების მხრიდან, რომლებიც ხშირად გვარიგებენ ხოლმე ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ გავაშუქოთ რაღაც. ისინი ახლა დუმან და ყველაფერთან ერთად, რასაც ამ გარემოში ვუყურებთ, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან არ შეიძლება, ახალგაზრდა ჟურნალისტმა ჩათვალოს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და ასე უნდა იყოს“, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისივე თქმით, მიდის შეჯიბრი და რიგ მედიასაშუალებებს ისღა დარჩენიათ, კრიმინალის ადგილზე პირველები მივიდნენ, კრიმინალის მოხდენას დაასწრონ და გადაიღონ, ეს ყველაფერი როგორ ხდება.

„ამაში მიდის ახლა შეჯიბრი, ვინ მივა პირველი იმ ადგილას, ტრაგედიას ვინ ნახავს პირველი, მსხვერპლთან დაკავშირებულ ადამიანებს პირველი ვინ ჩაწერს და საბოლოო ჯამში, მიდის მთავარი ამბავი, როგორ იპოვიან იმ ადგილს, სადაც კრიმინალი უნდა მოხდეს და იქ ჩასაფრდებიან, რომ ეს ყველაფერი გადაიღონ“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.