გიორგი გვიმრაძე - გუშინ კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა, აქციის მონაწილე ჩვენს ოპერატორს სთხოვდა განმარტებას კადრთან დაკავშირებით, საკმაოდ უხეშად და შეურაცხმყოფელად
გუშინ კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტის წინაშე დავდექით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენს ოპერატორს სთხოვდა განმარტებას კადრთან დაკავშირებით, საკმაოდ უხეშად და შეურაცხმყოფელად, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მსურს, მივმართო აქციების ორგანიზატორებს. პირველი – განმარტებას გავაკეთებ. პირველი არხის ამოცანაა ამ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი და სრული ინფორმაცია, მათ შორის, ვიზუალური საშუალებით. ამ პრინციპით არის შერჩეული კადრებიც. ვისაც არ ესმის (სულაც არ არის საჭირო, რომ ესმოდეს), მათთვის განვმარტავ. აქციები გადაიცემა სამი ძირითადი კადრის გამოყენებით, მუდმივად, ანუ სამივე კადრი ერთდროულად არის პირდაპირ ეთერში. ერთი, ეს არის ახლო კადრი გამომსვლელზე; მეორე – საერთო კადრი სცენაზე; მესამე – საერთო კადრი მოედანზე, იმ ადგილიდან, საიდანაც მოედანი შეძლებისდაგვარად სრულად ექცევა ობიექტივში. სამივე ეს კადრი ქმნის სრულ სურათს პარლამენტის წინ, რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით (ამ შემთხვევაში, არ ვახსენებ მოძრავ კამერებს, რომლებიც ასევე მუშაობენ ადგილზე მოვლენათა გასაშუქებლად). შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს კადრები იძლევა სრულ ვიზუალურ სურათს მოვლენის ადგილიდან და ასეთია სარედაქციო გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება პრინციპს – საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი, უტყუარი და სრული სურათი მოვლენის შესახებ. დიახ, ეს არის საზოგადოების ინტერესი და არა დემონსტრანტების ან დაინტერესებული ჯგუფის ინტერესი. შესაბამისად, გეუბნებით, ჩვენს ჟურნალისტებს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ რეპორტიორებს, არამედ მთელ ჯგუფს, რომლებიც მუშაობენ მოვლენის ადგილზე), რომლებიც დაშავდნენ, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მძიმედ, ზუსტად ამ მოვლენების გაშუქებისას, არც გაბედოთ, რომ შეეხოთ ან თუნდაც უსაყვედუროთ, ისინი საკუთარ საქმეს ასრულებენ პირნათლად და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტებისათვის ხელის შეშლისთვის მოგიწევთ პასუხისგება.
მეორე – შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული და მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევა მძიმე შედეგების მომტანი იქნება. იმის მოთხოვნა, რომ აქციები ისე გააშუქოს პირველმა არხმა, როგორც ეს თქვენ მოგეწონებათ, გაითვალისწინეთ, რომ სწორედ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ზეწოლას წარმოადგენს. ამაზეც მოგიწევთ პასუხისგება.
ასე რომ, თავადაც შეიკავეთ თავი ზეწოლის მატარებელი განცხადებებისაგან და თქვენს მეგობრებსაც მოუწოდეთ თავშეკავებით მოიქცნენ. როგორც ჩანს, ჟურნალისტების მიმართ პატივისცემას თქვენგან არ უნდა ველოდოთ, თავშეკავებას კი მოვითხოვ“, – აღნიშნულია გიორგი გვიმრაძის მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.