გიორგი გვიმრაძე - ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ე.წ. საბოტაჟი, მათ შორის სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილისგან
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე საია-ს მიერ დღეს გავრცელებულ მასალებს სამარცხვინოს უწოდებს. გვიმრაძეს მიაჩნია, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და საბოტაჟს ეწევა.
„ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, რომელსაც ამხელა გამოცდილება აქვს, ასეთ არაპროფესიონალურ კვლევას აქვეყნებს. მეტიც, მიზანმიმართულად დისკრედიტაციულ ინფორმაციას აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან სამარცხვინოა, როდესაც დაავადებულ ბავშვებს ადარებ, რა იხარჯება მათზე და რა იხარჯება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ასევე, ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც სავარაუდოდ ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელსაც სხვათა შორის, წილი უნდა მიუძღოდეს იმაში, რა როგორ იხარჯებოდა და როგორ არ იხარჯებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ ამას ავიღებთ და გავითვალისწინებთ, რომ ამ კვლევის პრეზენტაციას სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი ესწრებოდა, თუ ისინი ეთანხმებიან ამ კვლევას, ესეც დიდი სირცხვილია. თუ ამ კვლევას ეთანხმები, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმები საზოგადოებრივი მაუწყებლის არარსებობას და მაშინ არ გაქვს მორალური უფლება, იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი“, – განაცხადა გვიმრაძემ.
რაც შეეხება პირველი არხის თანამშრომლების შრომით ანაზღაურებაზე სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ მათთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
„სამეურვეო საბჭოს წევრებს ძალიან კარგად შეუძლიათ, შეადარონ, ვის რა ხელფასი აქვს, როგორ აქვს და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ ხელფასები არის კონფიდენციალური, მაგრამ კონფიდენციალურია გარე ადამიანებისთვის, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ეს კონფიდენციალური არ არის, მათ ძალიან კარგად შეუძლიათ, იცოდნენ, ვინ როგორ განსხვავდება. როცა ხდება თანამშრომლების დაყოფა, რომ ვიღაცები GDS-დან გადმოვიდნენ, ვიღაცები აქ დახვდნენ და ვიღაცები კიდევ სხვა ადგილიდან გადმოვიდნენ, ესეც მიზანმიმართულია, რათა ორგანიზაციის შიგნით არ მოხდეს ადამიანების ნორმალურ გარემოში თანამშრომლობა. უნდათ, მოსულებსა და დამხვედრებს შორის არ მოხდეს კოლეგიალურ გარემოში თანამშრომლობა – ეს არის მთელი ამბავი და არა ის, რომ ეს რეალობაა, ეს არის ტყუილი, სიცრუე და მეტი არაფერი. მთავარი ამბავი არის, რომ არ მოხდეს ამ ორგანიზაციაში იმ სიკეთის დამკვიდრება, რა სიკეთისკენაც გვინდა წავიდეთ. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ე.წ. საბოტაჟი, მათ შორის სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილისგან – ძალიან დიდი სირცხვილია, რომ ჩვენ დღეს ამაზე ვსაუბრობთ“, – აცხადებს გვიმრაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის – „რა ღირს საზოგადოებრივი მაუწყებელი?“ პრეზენტაცია დღეს გამართა.