გიორგი გვიმრაძე - ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია და მოძალადეთა მხრიდან საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს
ძალადობის ფაქტი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს დროული რეაგირება მოჰყვება.
„ადამიანებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე და ცხადია, საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს მოძალადეთა მხრიდან. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გარკვეული რეაგირება იქნება. დაშავებულები არიან ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი ჟურნალისტებიც, რაც სამწუხარო და სრულიად მიუღებელია. ამ ფაქტთან მიმართებაში მოვითხოვთ რეაგირებას. ეს არ არის პირველი ინციდენტი, ბოლო პერიოდში უკვე რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც ჟურნალისტებზე მოხდა ძალადობა. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ, ამ ყველაფერს იწვევს ის, რომ არც ერთ სხვა შემთხვევაში არ ყოფილა შესაბამისი რეაგირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, კონრეტულ ფაქტებზე კონკრეტული რეაგირება, რათა მომავალში დავიცვათ ადამიანები, მით უმეტეს, ისინი, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას აღასრულებენ. დავიცვათ ნებისმიერი ძალადობისგან და ნებისმიერი შემთხვევისგან, რომელიც მათ ხელს შეუშლის საქმიანობის აღსრულებაში“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.