გიორგი გვიმრაძე - ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ ეს ჩხუბი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორც საზოგადოება, საბოლოო ჯამში, საზოგადოების გახლეჩისთვის და დაღუპვისთვის არის განწირული
ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება, რომ ეს ჩხუბი, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორც საზოგადოება, საბოლოო ჯამში, საზოგადოების საბოლოო გახლეჩისთვის და დაღუპვისთვის არის განწირული, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ამის გათვითცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გათვითცნობიერება შეიძლება გახდეს იმპულსი იმისა, რომ ჩვენ გადავლახოთ ეს პროცესი. ყოველთვის, როდესაც ჩვენ მივედით კრიზისთან, რომ, აი, ამის შემდეგ რაღაც სხვანაირად უნდა მოხდეს, უცებ ჩამოვა ვიღაც და რაღაც აბსოლუტურად გაუგებარ დოკუმენტზე მოგვაწერინებს ხელს, ამაზე უნდა შეთანხმდეთო. რატომ უნდა შევთანხმდეთ, რამ განაპირობა ეს, არჩევნების შედეგია, ქართველ ხალხს ეს უნდა, თუ არ უნდა, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა; უბრალოდ, ჩამოვლენ და გეტყვიან, რომ შენ ამ დოკუმენტზე უნდა მოაწერო ხელი და თანაცხოვრება უნდა გააგრძელო, ეს თანაცხოვრება კი ამ რეჟიმში, უბრალოდ, შეუძლებელია. ასეთი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, ეს ორი რაღაც ერთად თანაცხოვრობდეს, მაგრამ არა, გეუბნებიან, რომ ცოტა ხანი კიდევ, ცოტა ხანი კიდევ. არადა, აუცილებელია, დადგეს ის მომენტი, რომლის იქითაც შენ ხვდები, რომ ასე აღარ შეიძლება, აქედან უნდა გამოვიდეთ და ამას თავი უნდა დავაღწიოთ. სხვანაირად საზოგადოებები ვერ დგებიან. არ არსებობს ასეთი საზოგადოება, რომელმაც ამ ჩაკეტილ წრეზე ამდენი წლის განმავლობაში იარა, იარა და მერე რაღაც კარგი მოხდა. ეს პროცესი უნდა გაირღვეს და ამ ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოვიდეთ. ხელოვნური თანაცხოვრება აფერხებს პროცესს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ესაჭიროება“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იმ მოცემულობაში, როცა საზოგადოება ორად არის გაყოფილი პოლიტიკურად, მსოფლმხედველობრივად, იდეოლოგიურად, წარსულისადმი დამოკიდებულებით, მომავლის ხედვით და კულტურის აღქმით, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა და როგორ უნდა იყოს ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი ან სად უნდა იპოვოს ამ მიუკერძოებლობის მიუკერძოებელი შემფასებელი ასე მკვეთრად პოლარიზებულ მსოფლიოში, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ადამიანი რაღაც თვალსაზრისით მიკერძოებულია, რადგან ყველას აქვს ემოციები, დამოკიდებულებები, რწმენები და ასე შემდეგ, რითიც ადამიანი სამყაროს აღიქვამს თუ ურთიერთობს სამყაროსთან, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქმე კარგად აღასრულოს, ამისთვის სჭირდება, სამყაროს რეალისტურად ხედავდეს.
„მაგალითად, იდეოლოგიური დიქტატის ქვეშ სითეთრეს სხვა ფერად არ აღვიქვამდეთ. სითეთრეს დღეს სხვა ფერი აქვს მინიჭებული. უმცირესობის იმ იდეოლოგიურ კონსტრუქციაში, რომელიც საზოგადოებაზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ძალადობს, ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ იდეოლოგიური ძალადობის ნარატივში და ყველანი ვუფრთხილდებით ხოლმე რაღაცას, ეს ვთქვათ თუ არ ვთქვათ, ასე მოვიქცეთ თუ არ მოვიქცეთ, მერე იქ რას იზამენ, ამაზე რა რეაქცია ექნებათ და ა.შ. ამას უამრავი ადამიანი აკეთებს, მათ შორის, ჩვენს ორგანიზაციაში, ჩვენი ორგანიზაციის გარეთ და ა.შ. მაგალითად, ერეკლე მეფეზე ადამიანებს არ უნდოდათ, ეთქვათ, ერეკლე კარგი კაცი იყოო, განა იმიტომ, რომ ერეკლეს კარგი კაცობის არ სჯერათ, არამედ იმიტომ, რომ მერე ვიღაცები მოსთხოვდნენ პასუხს. იმიტომ, რომ ვიღაცამ უკვე თქვა, რომ ერეკლე არ არის კარგი კაცი და შენ თუ ამას იტყვი, რომ ერეკლე კარგი კაცი იყო, მერე თავი უნდა აიტკივო, რად გინდა ეს ყველაფერი და ა.შ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ამ იდეოლოგიურ დიქტატში თეთრი არ არის თეთრი და შენ უნდა იბრძოლო იმისთვის, რათა დაამტკიცო, რომ თეთრი თეთრია. მიუკერძოებლობა კი არა, მთელი ჩვენი საქმე იმაში მდგომარეობს, დავამტკიცოთ, რომ ეს ჭიქა ჭიქაა. ამას უნდა აკეთებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ის ამას აკეთებს, მაგრამ ეს დიდი ძალისხმევაა“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.