გიორგი გულიაშვილი - იმედი მაქვს, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს კარგი ამბავი მოხდება #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ბოსნიაში შედეგიანი გამოსვლის შედეგად მის მიმართ ინტერესი გაიზარდა.
23 წლის ქართველი თავდამსხმელი გასულ სეზონში მოსტარის „ველეზში“ თამაშობდა და ბოსნიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, წელს კი იჯარის შემდეგ ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, „სარაევოში“ დაბრუნდა და 7 ტურში გატანილი 6 გოლით ტურნირის ბომბარდირია.
„ადრე სათამაშო დრო არ მქონდა და „ველეჟში“ იჯარით ამიტომ წავედი. იქ კი დრო მომცეს, გოლების გატანა დავიწყე და თავდაჯერებული გავხდი. მერე „სარაევოშიც“ ვითარება შეიცვალა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, მენდობა და კონფერენსლიგაზე „აქტობესაც“ გავუტანე. სარაევოს ქუჩებში უკვე მცნობენ და ავტოგრაფებს მთხოვენ, რაც ძალიან სასიამოვნოა.
საკუთარ თავზე მუშაობა ბავშვობიდან მიყვარდა და „სარაევოშიც“ საამისოდ კარგი პირობებია. ჩემზე კარგად არავინ იცის, რა ნაკლი მაქვს, რა უნდა დავხვეწო და როგორ გავიზარდო. წინსვლას კი აშკარად ვგრძნობ. ბოსნიის ჩემპიონატში გამოჩენა და შემდეგ კარგ გუნდში გადასვლა რეალურია.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ, მაგრამ კონკრეტულ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა, თანაც იმ დროს „სარაევოსთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კარგი სტატისტიკა ინტერესს ზრდის. ბოსნიაში თამაში წამადგა და იმედი მაქვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს რაღაც კარგი ამბავი მოხდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი გულიაშვილმა.