გიორგი გუგავა - „ქართული ოცნების“ წინადადება იგივეა, მგელი გამოვიდეს ინიციატივით, რომ დასჯის ყველას, ვინც გაილაშქრებს ცხვრების წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ წინადადება იგივეა, მგელი გამოვიდეს ინიციატივით, რომ დასჯის ყველას, ვინც გაილაშქრებს ცხვრების წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა, არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას.
გუგავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფაქტი არსებობს არჩევნებზე ძალადობის, გაყალბების, ამის გამო ჯერ არავინ დასჯილა.
„ეს ინიციატივა არის მორიგი უტიფრობა, ორპირობა, აფერისტობა, რადგან აქამდე არავინ დასჯილა საქართველოში არჩევნების გაყალბებისათვის, მოქრთამვისათვის, ძალადობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფაქტი არსებობს. ადმინისტრაციული წესითაც არავინ დაუსჯიათ ამის გამო. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის გაკეთებული განცხადებები, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე შეილამაზონ თავიანთი გამყალბებლური სახე, თითქოს ისინი ებრძვიან არჩევნების გაყალბებას, მოქრთამვას, ძალადობას, რასაც თავად სჩადიან. ეს იგივეა მგელი გამოვიდეს ინიციატივით, რომ დასჯის ყველას, ვინც გაილაშქრებს ცხვრების წინააღმდეგ. დაახლოებით, ასეთი შინაარსისაა მათი ინიციატივები“, – განაცხადა გუგავამ.
პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.