სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მედიკოსთა ჯგუფის წევრის გიორგი გრიგოლიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკულს.
მისივე თქმით, რეანიმაციული განყოფილება აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მე-18 დაწესებულება არ არის მზად, ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ჩვენ შევაფასეთ, როგორც კრიტიკული, რადგან 48 დღეა, შიმშილობს. მას აქვს უკვე ენცეფალოპათიის ნიშნები, კალიუმის ნაკლებობა, ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, რაც კომბინაციაში თალასემიასთან გვაძლევს სახიფათო გართულების შესაძლებლობას. აგრეთვე თავად აღნიშნავს გასტროდიოდენალური სისხლდენის ნიშნებს. ყველაფერი ეს ჯდება იმ სტატუსში, რომელსაც ჰქვია კრიტიკული მდგომარეობა. რაც შეეხება დაწესებულების აღჭურვილობას, დაწესებულება სრულად აღჭურვილი არ არის, ორი კვირის წინ გახსნილია სპეციალური რეანიმაციული ოთახი, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი, გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ანუ, ყოველ დღე დაწესებულებაში მორიგეობს ერთი ექიმი, ზოგადი პროფილის, ან თერაპევტი, ან ქირურგი, ერთი რეანიმატოლოგი და ერთი ექთანი რეანიმაციის განყოფილებაში. ანუ, სულ გადმოყვანილი არის ხუთი რეანიმატოლოგი ერთი დღის და ოთხი ღამის. აღჭურვილი არის კარგად, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დაწესებულება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტს გაეწიოს სათანადო მკურნალობა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
გიორგი გრიგოლიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ამჟამად სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, რადგან არ წყვეტს შიმშილობას.
„როგორც გითხარით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მაგრამ ის ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი, და იმედია, რომ არ იქნება, მაგრამ ის არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება, რადგან 48 დღე არის ძალიან კრიტიკული ზღვარი. გასაგებია, რომ ყველა პაციენტს საწყისი მდგომარეობა აქვს სხვადასხვანაირი. ზოგი პაციენტი უძლებს 40-დღიან შიმშილს, ვინაიდან ვთქვათ საწყისი მდგომაროება ჰქონდა უკეთესი, ზოგი ვერ უძლებს. მიხეილ სააკაშვილის ანალიზები და მდგომარეობა, მისი სისუსტე, ჰემოდინამიკა იქნა შეფასებული, შეფასებული იქნა მისი კანის მდგომარეობა. მოკლედ, მდგომაროება არის კრიტიკული, რომელსაც სჭირდება ინტენსიური თერაპია, რომელიც მოიცავს ძალიან ინტენსიურ სითხეების გადასხმას, ელექტროლიტების ბალანსს, ვიტამინების, მინერალების მიღებას, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ეს ყველაფერი არ კეთდება, არ ვიცი, რა ტაქტიკა არის იქ, თუმცა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება თავის ცალკე ოთახში და გვერდზე ოთახში არის გამზადებული რეანიმაციული ბრიგადა.
შიმშილის შედეგად მთელი ორგანოები და სისტემები ზიანდება. ეს არ არის ისეთი დაავადება, მაგალითად, რომელიმე ერთი ორგანოსი, გულის, ღვიძლის ან ფილტვის, როცა შეიძლება, მიზანდასახულად გამოიძახო სპეციალისტი და უმკურნალო, კონსულტაცია ჩაუტარო. ეს არის მულტიორგანული დაზიანება და როცა ადამიანი გადააბიჯებს კრიტიკულ ზღვარს, უცბად იწყება მთელი სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა. იწყება პულიორგანული უკმარისობა და ამ სტადიაში ადამიანის მკურნალობა არის გაცილებით მძიმე და ძალიან ბევრ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ლეტალურად დამთავრდეს. ამიტომ, ვინაიდან პაციენტი ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებას, მაგრამ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, ინტენსიურ თერაპიას ვერ აწარმოებს მარტო რეანიმატოლოგი, თუნდაც ანესთეზიოლოგი, თუნდაც თერაპევტი, ასეთ მდგომარეობაში საჭიროა მულტიპროფილის სპეციალისტები, ისეთი, როგორიც არიან შინაგან სნეულებების სპეციალისტები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები და ა.შ. სამწუხაროდ, ამ კლინიკას პერმანენტულად ესენი არ ჰყავს. შეიძლება, მათი გამოძახება, ზოგი სპეციალური კონსულტანტი არსებობს, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ისინი ადგილზე არ არიან. მოგეხსენებათ, შესვლა-გამოსვლის პროცესიც არის გაძნელებული მე-18 კლინიკურ საავადმყოფოში. საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი რეანიმაციის განყოფილება, მაგრამ ეს სულ ახალი სტრუქტურაა, არ არის კომუნიკაცია ადგილობრივ ექიმებთან, რომლებიც იქ ხანგრძლივად მუშაობენ, არ არის იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სპეციალისტმა ყოველდღე ჩაუტაროს კონსულტაცია. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ფაქტორია იმის, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, ასეთ მდგომარეობაში პაციენტი არ უნდა იმყოფებოდეს ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
ამასთან, გიორგი გრიგოლიამ ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ გარემოებაზე, რომელიც, მისი თქმით, გასათვალისწინებელია.
„ჩვენ ველაპარაკეთ ადგილობრივ ექიმებს, პერსონალს, ვკითხეთ, რომ დაიწყოს სიცოცხლისთვის ძალიან სერიოზული გართულებები, როგორიც არის მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი, ემბოლია, ინსულტი და ა.შ. რას აკეთებენ ამ შემთხვევაში, გვითხრეს, რომ ამ შემთხვევაში პაციენტი იქნება ტრანსპორტირებული შესაბამის დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, ამან კიდევ ერთხელ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დაისვას საკითხი შემდეგნაირად – თუ ასეთი სერიოზული გართულებების დროს შესაძლებელია ადამიანის ტრანსპორტირება მულტიპროფილურ დაწესებულებაში, რატომ არ შეიძლება, ადამიანი გადავიდეს, როცა ის იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში და მას სჭირდება მულტიპროფილური, ინტენსიური თერაპია. ყველას ჰქონდა თავისი აზრი, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ვართ, ყველანი დავეთანხმეთ ერთმანეთს, რომ ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება“, – აღნიშნა გიორგი გრიგოლიამ.