გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არ ეხსნება სტრესი, რამაც დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია
მიხეილ სააკაშვილის სრული განკურნება ამ პირობებში შეუძლებელია, რადგან მას არანაირად არ ეხსნება სტრესი, რამაც მისი დღევანდელი მდგომარეობა გამოიწვია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, გიორგი გრიგოლიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გრიგოლიას განცხადებით, კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული ღონისძიებებისთვის მზად არის, თუმცა მისი სრული განკურნება აქ შეუძლებელია.
„ახლა უკვე კახექსიური მდგომარეობაა. კახექსია წონის განლევას ნიშნავს. მისი მდგომარეობა ისეთ დონემდეა მისული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, გართულდეს. პირველ რიგში, კახექსია რთულდება ხოლმე სისხლდენებით, შეიძლება ინსულტიც, ინფარქტიც, რა სუსტი წერტილიც აქვს ორგანიზმში, ის რთულდება და ამ შემთხვევაში გადაუდებელი ინტენსიური თერაპია, რეანიმაციული ღონისძიებები სჭირდება, რისთვისაც კლინიკა, რა თქმა უნდა, არის მზად, როგორც ყველა მრავალპროფილური კლინიკა.
რაც შეეხება განკურნებას, ეს უფრო მძიმე საკითხია. ჩვენ წინა დასკვნაშიც ვთქვით, რომ ვინაიდან ჩვენს პირობებში მისი განკურნება არის შეუძლებელი, მივეცით რეკომენდაცია, რომ უკეთესი იქნებოდა, რაღაც დროით მოხდეს გადავადება ანდა სადმე იქნას გადაყვანილი. რაღაც პერიოდი აქაურობას მოშორდეს, ვიდრე ბოლომდე არ განიკურნება. ეს ჩვენი აზრია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სახელმწიფო იღებს“, – განაცხადა გრიგოლიამ.
ამასთან, გიორგი გრიგოლიას თქმით, საჭირო არ არის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის უცხოელი ექიმების ჩამოყვანაც.
„მე, მაგალითად, არ მგონია, რომ რაღაც ინოვაციური მეთოდები არსებობდეს და ექიმების ჩამოყვანაც არ არის ხოლმე საჭირო. აქ ხომ ოპერაცია არ არის გასაკეთებელი. რაიმე ინოვაციური მეთოდი თუ არსებობს მკურნალობის, დღეს ყველასთვის ყველაფერია ცნობილი, ამიტომ ამას ჩამოყვანა აღარ სჭირდება“, – დასძინა გიორგი გრიგოლიამ.