ირაკლი გოგავა - ხელისუფლება და ხალხი მოკავშირეები გავხდით, იმედი მაქვს, რომ ეს მოკავშირეობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები გადაწყდება
დღეს, როგორც არასდროს, ქართველ ხალხს სიფრთხილე მართებს, რადგან გლობალური ომის პარტიას სურს საქართველოს ომში ჩაბმა, დღეს გვაქვს უნიკალური სიტუაცია, აქ შევიკრიბეთ ხალხი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ვართ, მაგრამ დავდექით, რომ ეს საშიშროება ავიცილოთ თავიდან, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ირაკლი გოგავამ განაცხადა.
გოგავას თქმით, დღევანდელ სიტუაციაში სიფრთხილე მართებს ყველას.
„საფრთხე, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ და რაშიც ჩვენი ჩართვა სურთ, არის იმის წინაპირობა, რომ საქართველომ დაკარგოს სახელმწიფოებრიობა, ის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ქართველ ხალხს დღეს გააჩნია. საუკუნეების განმავლობაში თაობებს არ ღირსებიათ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება, ჩვენ გვერგო ეს ბედნიერება. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ. ხელისუფლებამ დაგვიცვა ომისგან, უარი უთხრა ძალიან დიდ და პოტენციურად საშიშ ძალას ჩვენს ომში გადაშვებაზე. აქ, ახლა ჩვენ სიტუაციური მოკავშირეები ვართ – ხალხი და ხელისუფლება. როდესაც დგას ომისა და და მშვიდობის საკითხი, ყველა სხვა პრობლემა და ყველა სხვა საკითხი მეორადია. აქ გვინდა ჩვენ ერთიანობა ერის, ბერის, მხედრობის და მთავრობის. ვინაიდან მოკავშირეები გავხდით ხელისუფლება და ხალხი, იმედი მაქვს, რომ ეს მოკავშირეობა გაგრძელდება და ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები გადაწყდება. ჩვენ 30 წელია, ვავითარებთ ლიბერალურ კაპიტალიზმს, გვეხმარებიან უცხოეთიდან და მივიღეთ ის, რაც დღეს მივიღეთ. როგორ ხდება, რომ ჩვენი მეგობრები არიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები და ჩვენთან კვლავ არის უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, დაბალი პენსიები? გასაგებია, რომ ლიბერალურმა კაპიტალიზმმა არ გაამართლა და საჭიროა, საქართველომ დაიწყოს საკუთარი სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ის ე.წ. კონსენსუსი, რომელსაც უწოდებენ ვილი ამსონის თეორიებს, ჩვენ არ გამოგვადგა, ეს არ არის სწრაფი განვითარების გზა. ბოლო ორი წელიწადი, როდესაც ორნიშნა ზრდა იყო ქართული ეკონომიკის, ეს არის უპრეცედენტო. დღეს დადგა დრო, როდესაც ხმალი ქარქაშიდან უნდა ამოვიღოთ და დავიცვათ ღმერთი, ოჯახი და სამშობლო“, – განაცხადა გოგავამ.