გიორგი ღიბრაძე - სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.
„რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე თქმით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი.
„პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები; შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი; უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 304 272 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 287 029 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 043 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 227 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 727 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 3676 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.