გიორგი ღიბრაძე - ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რისკჯგუფებში, 50 წელს ზემოთ, პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში კვლავინდებურად მოქმედებს 100 ლარიანი წახალისების სისტემა“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.