28 მარტს, საფეხბურთო მატჩზე ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს გადაადგილების უფლება ექნება
28 მარტს, ფეხბურთის მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს, ავტომატურად ექნება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება.
„მოგახსენებთ, 28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების შესახებ, რომელიც გაიმართება რაგბიში და ფეხბურთში. საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება, ცხადია არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ჩატარდეს ეს შეხვედრები. რაგბის მატჩი გაიმართება 15:00 საათზე, ფეხბურთის მატჩი გაიმართება 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა გაყიდული ბილეთის მფლობელს, ავტომატურად ექნება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია, პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება, როგორც შესაბამისი ფედერაციების ვებ-გვერდებზე, ისე – tkt.ge-ზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და, ფედერაციის გადაწყვეტილებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ბილეთების გაყიდვა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.