გიორგი გელხაური - კეზერაშვილის საქმეს კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები დევნიან კრიტიკულ მედიას და ამ საქმესაც იყენებენ
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები დევნიან კრიტიკულ მედიას.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. აქ მნიშვნელოვანია და ხელისუფლების მიზანია ტელეკომპანია „ფორმულა“, მისი სარედაქციო პოლიტიკა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, დევნიან კრიტიკულ მედიას და ამ საქმესაც იყენებენ, რათა ხვალ და ზეგ მოითხოვონ დაყადაღება, გაჩერება და შემდგომ საერთოდ გააქრონ ტელესივრციდან. ამ საქმის მთავარი მიზანი არის ის, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ შეუქმნან პრობლემები, მოხდეს მისი დაყადაღება და შემდგომ მისი გაჩუმება“, – განაცხადა გელხაურმა.
მისივე თქმით, 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის მესამე, ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება ეროვნულ სასამართლოებში. ჩვენ ვემზადებით და ვამზადებთ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის და აუცილებლად მივმართავთ, აუცილებლად იმსჯელებს სტრასბურგის სასამართლო იმ დარღვევებზე, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ჩაიდინეს“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სარჩელს, გიორგი გელხაურის თქმით, არ აქვთ ინფორმაცია, რა სარჩელით მიმართავს უწყება სასამართლოს.
„რეალურად, ჩვენ არ გავცნობივართ საჩივარს, თავდაცვის სამინისტრომ დღეს „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა, რომ აპირებენ სასამართლოსთვის მიმართვას. არ ვიცით, რა საჩივრით მიმართავენ, რას მოითხოვენ, მოლოდინები ის გვაქვს, რაც გითხარით“, – აღნიშნა გელხაურმა.
შეგახსენებთ, 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 2007-2008 წლებში წვრთნების საქმეზე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ ცნო.
ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.