გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკს - არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ გიორგი რურუას ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკს სოციალური ქსელით მიმართავს.
როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, გიორგი რურუა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.
„ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი“, – წერს გამსახურდია.
მისივე განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება რურუას კარიერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მისი ნამოქმედარის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს.
გამსახურდიას ინფორმაციით, გიორგი რურუას ძმა, ნიკა რურუა წლების განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა, სწორედ მისი ხელშეწყობით განადგურდა უამრავი მტკიცებულება.
მისივე თქმით, არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.
„ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ“, – წერს გიორგი გამსახურდია.