გიორგი გახარიასა და აშშ-ის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სენატორ დევიდ პერდიუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა.
სენატორმა პერდიუმ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების თემების მხარდაჭერა გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე – აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით გაუარესებული მდგომარეობა. სენატორმა პერდიუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობრად.
სატელეფონო საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისთვის და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და „კოვიდ-19“-თან ბრძოლის მიზნით გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რაც მათ შორის ლუგარის ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერას მოიცავს.