გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარსდგეს
პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების პარლამენტისთვის წარდგენა გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით.
რეგლამენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მოხსენება კი, წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისამდე უნდა წარედგინოს.
რაც შეეხება დოკუმენტის განხილვის პროცედურას, რეგლამენტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
პრემიერ-მინისტრის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია ახალი რეგლამენტით. გასულ წელს, წლიური მოხსენება პარლამენტს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, თუმცა უწყების მიერ ანგარიშის განხილვა არ მოხდა, მიზეზად 20 ივნისის მოვლენების გამო დროებით შეწყვეტილი საკანონდებლო საქმიანობა დასახელდა.