გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, დეპუტატებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
როგორც დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც ფაქტობრივად ქვეყნისთვის უვნებლად გამოსვლა შეუძლებელია კონკრეტული ქმედებების გარეშე.
„დღეს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის ქმედებაში არის ბრალდებული, გახდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ამ უპასუხისმგებლობამ აიძულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ესეც მოცემულობა და ფაქტია. დღეს, როდესაც რადიკალიზმი არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებული, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ნორმალიზაციის და დაძაბულობის მოხსნის. ჩვენ როგორც ხელმომწერები ვიზიარებთ, რომ ახლა მოქმედებაა მნიშვნელოვანი და მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორედ, ხარისხიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.
ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.