გიორგი გახარია - რომ არა stopcov ფონდი, ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემა ვერ მოხერხდებოდა
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, stopcov ფონდის არარსებობის შემთხვევაში, ბავშვებისთვის 200-ლარიანი სოციალური დახმარების გაცემა ვერ მოხერხდებოდა.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.
„ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ამიტომ მთავრობის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რათა შედარებით შევინარჩუნოთ ის სოციალური მინიმუმი, რომელსაც ეს ადამიანები მიჩვეული არიან. დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ბავშვები არიან და ამიტომ მიზნობრივად ამაზე უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა შეუძლებელი იყო.
რა გგონიათ, ეს ერთ დღეში გადაწვტყვიტეთ და მარტო ჩვენ? ეს გადავწყვიტეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიოერებთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ. მწირი რესურსის გათვლითა და სამართლიანი, გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით. ასეთი რაოდენობით ვერ დავეხმარებოდით ბავშვებს“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა სოციალური დახმარება კიდევ განხორციელდეს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს იმისთვის, რომ ბავშვებზე გათვლილი სოციალური მოხმარების დონე როგორმე შევინარჩინოთ. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს.