„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ორგანიზებით, ბათუმში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მორიგი აქცია გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებმა მორიგი აქცია გამართეს.
„ჩვენ ყოველ დღე გამოვდივართ ერთი და იგივე დროს ევროპის მოედანზე და თანავუგრძნობთ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთი მოთხოვნა დაგვრჩა, გადადგეს გახარია, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი ბაკურიძემ.
ამასთან, ბათუმში ევროპის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად დამოუკიდებელი აქცია გაიმართა ქალაქის მერიასთან. ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ამბობენ, რომ არიან ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარალელური აქციის ჩატარების გადაწყვეტილება მათ ორი დღის წინანდელ აქციაზე გამოტანილი ბანერის გამო მიიღეს. ბანერზე ეწერა „სისხლიანი 9+7 წელი“, რასაც აქციაზე მისული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა და მათ აქცია ორი დღის წინ დატოვეს.