გიორგი გახარიას დავალებით, სტიქიის ზონაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში, სტიქიის ადგილზე, გაემგზავრნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.
„ძლიერი წვიმის შედეგად, არსებული ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. წვიმისა და მდინარეების ადიდების შედეგად, დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები.