გიორგი გახარიამ ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მერობის კანდიდატები წარადგინა
გიორგი გახარიამ ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მერობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენილია გეგა შენგელია; წალენჯიხა მერობის კანდიდატად ხვიჩა მებონია; ჩხოროწყუ მერობის კანდიდატად – შენგელი ჯიქია, ხოლო ხობში – ბადრი ჯობავა.

როგორც გახარიამ მათი წარდგენისას აღნიშნა, 2 ოქტომბრის არჩევნებმა დაკარგა მუნიციპალური განზომილება და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

„ჩვენ დაახლოებით სამი თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით. ბევრს ეს აღიზიანებს, ბევრს ეს არ მოწონს. ჩვენ მართლა არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვით, ჩვენთვის ბრძოლა თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მიზანია ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფო, რომელსაც აშენებენ კეთილსინდისიერი პროფესიონალები, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ ამ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი „ქართული ოცნებიდან“ მოდის, დღეს ჩვენ აღმოვჩნდით რეალობაში, როდესაც „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში. ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ არათანმიმდევრული, უსუსური ნაბიჯებით დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, თუ თვითონ გამოიყენებს ზუსტად იმავე მეთოდებს, როგორსაც იყენებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამის საუკეთესო მაგალითია აკაკი ბართაია, ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც, უბრალოდ, უხეშად ჩაუდეს იარაღი და დააკავეს, დააპატიმრეს. არავის ეგონოს, რომ ეს ვინმეს შეაშინებს. ეს არის პირდაპირი მინიშნება სასოწარკვეთილი, შიშისგან სასოწარკვეთილი უსუსური ხელისუფლების, რომელიც ხვდება, რომ ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი მეთოდით არის ყველაზე მთავარი მიზანი“, -აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, „ბოლო 30 წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დავდივართ მოჯადოებულ წრეზე, რომ ვერ შევქმენით, ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო“.

„ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომ არ შეგვიძლია, დღეს პირისპირ დავტოვოთ „ოცნება“ და “ნაციონალური მოძრაობა“, ერთი – რომელიც გვექაჩება წარსულში და მეორე, რომელიც ძალადობით გვემუქრება მომავალში და აპირებს ხელისუფლების დაბრუნებას“, – განაცხადა გახარიამ.