გიორგი გახარიამ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა
რეალურად საქართველოს ჯარს აცვია დღეს ზუსტად ისეთი ამუნიცია, როგორიც გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, რომელიც მინისტრმა გააკეთა.
„არ შეიძლება ყველაფრისგან რაღაცა ისტორიის შექმნა. 26 მაისს ვაზიანში რომ ვიყავი, იქ ვესაუბრე ჯარისკაცებს, კონკრეტულად, რიგით ჯარისკაცებს, აღფრთოვანებულები იყვნენ აი, ამ ფეხსაცმელებით. რა მითხრეს, იცით? – აი, ისეთი შეგრძნება მაქვსო, რომ ბოტასები მაცვიაო. ეს ხალხი იყო კმაყოფილი, ბედნიერი. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ამის გამო მინისტრს მადლობას ვეტყვი, რომ რიგითები აი, ასე გრძნობენ თავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.