გიორგი გახარიამ საზოგადოებას საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ექვსი ეტაპი გააცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე. ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ, ორი კვირა იქნება.
პირველ ეტაპზე, 27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება; ტაქსები დაიწყებენ მუშაობას; დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა; გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.
„მეორე ეტაპი, ეს იქნება სავარაუდოდ ორი კვირის შემდგომ, 27 აპრილის გახსნის პირველი ეტაპიდან. თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობაზე დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად. კომპიუტერების, პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, შეამჩნევთ, რომ პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელიც ღია სივრცესთან არის ძირითადად სრულად არა, მაგრამ ძირითად დაკავშირებული.
მესამე ეტაპი, ეს გახლავთ საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა. რაც მნიშვნელოვანია, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მესამე ეტაპზე ჩვენ დიდწილად ვაჭრობას უკვე ვხსნით. ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. ეს გახლავთ მესამე ეტაპის გახსნა.
მეოთხე ეტაპი – უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. აქაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, აქ საუბარია ღია სივრცეებზე. რესტორნების ღია სივრცეებზე და არა დახურულ სივრცეზე. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურეობა, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპი – დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი, კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
მეექვსე ეტაპი – ყველაზე რთული და აქ უკვე, დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორი იქნება დინამიკა ეპიდემიის გაგრძელების. მეექვსე ეტაპი, ფაქტობრივად ეს გახლავთ, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო- შემოქმედებითი საქმიანობა, აზარტული თამაშები, სასტუმროები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი გახარიამ ისაუბრა ისეთ შეზღუდვებზე, რომელთა მოხსნაც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და სისწრაფესთან.
„თქვენ შეამჩნევდით, რომ არ გვიხსენებია ისეთი მსხვილი ბლოკი, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ არ არის მაგალითად, გეგმური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ისეთი საქმიანობებია, რომლის რომელიმე გახსნის ეტაპთან მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და ეს ის საქმიანობებია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და სისწრაფესთან. ეს ის საქმიანობებია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, როგორც ეტაპობრივად ჩავრთოთ, ასევე გეოგრაფიული დაყოფის თვალსაზრისითაც გავითვალისწინოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.