გიორგი გახარიამ სალომე სამადაშვილს მიმართა - უბრალოდ იტყუებით, კითხვის პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი, მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
გიორგი გახარიამ სალომე სამადაშვილს მიმართა - უბრალოდ იტყუებით, კითხვის პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი, მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

კითხვის პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი, მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვას უპასუხა, რომ გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ჩანს, რომ ნატო-სკენ სწრაფვის მაჩვენებელი მოსახლეობაში არის დაბალი და ხომ არ გამოიწვია ეს ხელისუფლების დამოკიდებულებამ.

„უაღრესად გამაკვირვა თქვენმა ამ ​ციფრებმა და უბრალოდ დავინტერესდი, რა კვლევაზე საუბრობდით. მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ იტყუებით. ახლა გეტყვით, რატომ. ამ კვლევაში, რომელიც ჩატარებულია „ტრანსფერენსის“ მიერ, როგორც მივხვდი, ქალბატონო სალომე, მინდა, ჩვენს ტელემაყურებელს ვუთხრა, როგორ არის, რა კითხვაზე იყო პასუხი გაცემული – როგორ ფიქრობთ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი მაშინაც კი, ქალბატონო სალომე, თუ ეს რუსეთთან ურთიერთობას დაძაბავს და გამოიწვევს ომს – აი, ასეთი ფორმულირების კითხვის, აი, ასეთი პროვოკაციული ფორმულირების პირობებშიც კი, მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, არსებობს სხვა ბევრად უფრო დამაჯერებელი კვლევებიც, სადაც საქართველოს მოქალაქეების 70-75 და 80 პროცენტის მხარდაჭერა, როგორც ნატო-ში გაერთიანების, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციისადმი არ ჩამოსულა. გმადლობთ ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გამესვა ჩვენი მოქალაქეების ამ პოზიციისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.