გიორგი გახარიამ პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაცია გახსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს პროექტის პრეზენტაციას – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა.
პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებიან მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია.
„პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა, 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. პრივატიზების პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება“, – აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.
აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.
ინფორმაცია პრივატიზებისთვის განკუთვნილი ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ პრივატიზაციის რუკაზე, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს, გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო შეთავაზებას და დაინტერესების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში.
პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზაციო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.
პრეზენტაცია ბიზნესცენტრ „ქინგ დევიდში“ იმართება, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები იმყოფებიან.